პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 1-ელი მაისის მთავრობის სხდომაზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მონაცემებზე. მისი შეფასებით, ამ მხრივ პროგრესია, თუმცა ოპონენტები შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინის შექმნას.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდია მოტივაცია ოპოზიციურად განწყობილ „ფსევდო-ექსპერტებში, რომ შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი”.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული განცხადებები განსაკუთრებით გააქტიურა, თუმცა როგორც „გახარია საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, „ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება, როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული” ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს?”
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ კრიზისია უფრო შემოდგომისთვის არის გარდაუვალი, თუ ხელისუფლება არსებულ პოლიტიკას არ შეცვლის.
„არანაირი ხელოვნური აჟიოტაჟი არაა შექმნილი, არავინ არ ამბობს, რომ ახლა, ამ წუთში ეკონომიკური კრიზისია. ეკონომიკური კრიზისი ძალიან რეალური გახდება, თუ ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს და მას სანქციები მოჰყვება.
„ეს ყველაფერი მიღებულია ჯერჯერობით სწორედ იმით, რომ საქართველოს სატრანზიტო როლი აქვს და მათ შორის ისეთი საქონლის ტრანზიტია, რომელიც რუსეთთან ვაჭრობაში შველის თურქეთს, ყაზახეთს და ეგეთ ქვეყნებს. აი, ამის ხარჯზე, იგივე რუსეთთან ურთიერთობის ხაჯზეც გარკვეულწილად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა ეს ეკონომიკური ზრდა არ შეხებია ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, ძირითადად ეს ეხება მათ (ხელისუფლების) გარემოცვის ბიზნესს. ეს ბიზნესი ფრიად შეშფოთებულია იმ პერსპექტივით, რომ თუ სანქცირება წავა, ისინი ამ ფულს ელემენტარულად დაკარგავენ და ქვეყანაში მათთვისაც სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება, ამიტომ ასეთი ლაპარაკი, რომ ყველაფერი იდეალურადაა, წინ მივდივართ, ევროპას ვუსწრებთ და ა.შ. ეს წმინდა პროპაგანდაა, ახლა (კობახიძე) ცდილობს ეს ბიზნესწრეები დაამშვიდოს, რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ.
„ამ დროს ეს ასე არ არის, რადგან აქ მარტო ეკონომიკა არაა, ეს პოლიტიკასთანაა გადაჯაჭვული და თუ ამერიკის „მეგობარი აქტი” შევა მოქმედებაში, შეგახსენებთ, რომ ის ერთ კვირაში წარმომადგენლობით პალატაში უკვე გავა და თუ შემოდგომისთვის ხელისუფლებამ ღარაცეები არ შეცვალა და ეს პოლიტიკა გააგრძელა, რასაც დღეს ჯიუტად მისდევს, სანქციები იქნება, ამერიკიდანაც, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც და დიდი ბრიტანეთიდანაც. ეკონიმიკური კრიზისი დადგება ამის მერე გარდაუვალია, რომ ეს ასე მოხდება, თუ ეს ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს. ხელისუფლება ცდილობს ბიზნესწრეები და ბიზნესმენები დაამშვიდოს, რომ მათ გააგრძელონ საქმიანობა, რასაც აქამდე აკეთებდნენ.
„მარტო აქციებზე არაა საქმე და მარტო ასე ქუჩაში გამოსვლით ხელისუფლებების ცვლილება არ ხდება, აქ უფრო იმის ხიფათია, რომ თვითონ ხელისუფლების შიგნით არ დაიწყოს რღვევა, რომ ამ ბიზნესწრეებმა და საჯარო მოხელეებმა არ ჩათვალონ, რომ რატომ უნდა გადავყვეთ, თუ „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ვერ აგვარებს სიტუაციას უცხოეთთან, ამის გამო ჩვენ ყველა რატომ უნდა დავზარალდეთ, აი, მაშინ ხელისუფლებისთვის ნამდვილად საფრთხე იქნება, რადგან საპროტესტო არეალი ძალიან ფართო იქნება და უკვე ის ხალხი ჩაერთვება, რაზედაც დღეს პრაქტიკულად რეჟიმი დგას”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან”.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები, სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას.
„მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, წელს 17 იანვარს, რომ სამ თვეში, მას შემდეგ გავიდა უკვე სამი თვე, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა დაახლოებით 3,1-ის მიდამოებში, გავიდა ეს სამი თვე, ცოტა მეტიც და 2,75-ის ფარგლებშია ლარის კურსი, მადლობა ღმერთს. ეკონომიკის 2-პროცენტიანი კლება წლის ჭრილში იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან და პირველ კვარტალში ჩვენ გვაქვს 9,3 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6 პროცენტი და მეტი, ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ამას აქვს რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები, ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე, ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური პროგრესი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ აჯიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი.
„სამწუხაროდ, ხშირად პოლიტიკური მოტივაციით ნაკვები ასეთი ვითომ ფსევდო-ექსპერტული განცხადებები აბსოლუტურად გამიზნულად აზიანებს ეკონომიკას. ამ შემთხვევაში, ეს არის საბედნიეროდ წარუმატებელი მცდელობა, რომ დაზიანდეს იგივე ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა. ასეთი ტიპის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ, არის ერთგვარი საბოტაჟი. აქედან გამომდინარე, სრულიად გაბედულად დავარქვა ასეთ ადამიანებს ფსევდო-ექსპერტები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტია, გავიდა სამი თვე და ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოშლილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს და ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა უყურებდეს, მათ შორის ჩვენი საზოგადოება, ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სამწუხაროდ, დიდია მოტივაცია ოპოზიციურად განწყობილ ფსევდო-ექსპერტებში, რომ შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი, რათა კონკრეტული ზიანი მიაყენონ ქართულ ეკონომიკას, განწყობას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, მის შესაძლებლობებს და ა.შ. ეს სამწუხარო რეალობაა და დიდი იმედი მაქვს, საზოგადოებაც სიფრთხილით შეხედავს მომავალში ასეთ პირთა დახატულ აპოკალიფსურ სურათებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
„გახარია საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის თქმით, კი “ოცნება” პროპაგანდით ცდილობს დაანახოს ხალხს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა.
„მთავრობა ამაყად აცხადებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა სიმართლის დანახვა.
“ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურეს სამთავრობო პროპაგანდისტული არხები ამ მიმართულებით, თუმცა ნებისმიერი პროპაგანდა მარცხდება როდესაც სვამ ორ კითხვას: რატომ გარბიან ასეთი „არნახული” ეკონომიკიდან ადამიანები?! რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს?
ამ თავბრუდამხვევი „სტატისტიკის” მიღმა, სინამდვილეში ხდება შემდეგი:
1.2 მილიონი მოქალაქე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინშია – მათგან 700 ათასი უკიდურესად ღარიბია ანუ კანონით ასე იწოდებიან და იღებენ საარსებო შემწეობას.
ეს რიცხვი ბოლო 2-3 წელში 170 ათასით გაიზარდა.
მხოლოდ 2021-2024 წლებში 400 ათასი ადამიანი დაემატა სოციალურ დახმარების მომთხოვნთა ბაზას.
ბოლო 3 წელიწადში საქართველოდან 160 ათასი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
მოსახლეობის 56% ელოდება ფინანსურ კრიზისს, 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 47%-ს საკვებზე წვდომაც კი უჭირს.
ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში „ზრდაა”.
ავტორიტარიზმის ტემპების პირობებში დროა დავსვათ კითხვები: თუ კი ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია? ხომ არ ხდება საერთაშორისო დონეზეც ამ ციფრებით მანიპულირება? მოსახლეობის ყოველდღიურ ტკივილს ციფრები ვერ დამალავთ!”- წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.