ტრამპის გუნდმა გეგმა მოამზადა, რომელიც მშვიდობისთვის რუსეთის იძულებას გულისხმობს – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა მოამზადა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტი, რათა მას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წამოსვლა აიძულოს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გამოცემა არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ბერკეტების ამოქმედება იგეგმება. ასევე მისი, ინფორმაციით, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

უკრაინა უკვე დიდი ხანია მოითხოვს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, რაც მის ენერგომატარებლებს ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, რათა მოსკოვს ნავთობის და გაზის გაყიდვისგან შემოსავალი მოაკლდეს და ეს ფული ომის გასაგრძელებლად ვეღარ გამოიყენოს.

დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა, სენატორმა ლინდსი გრემმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „გამანადგურებელ“ სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს, სენატორი ამ ქვეყნების პროდუქციაზე 500 %-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებას მოითხოვს.

„უნიანის“ ცნობით, აშშ-ს და უკრაინას შორის ბუნებრივი რესურსების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ ვაშინგტონი ომის შეწყვეტაში კიდევ უფრო მეტად არის დაინტერესებული. ასევე დაინტერესებულია, რომ უკრაინა ერთიან ქვეყნად შენარჩუნდეს. ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სწორედ ეს შეთანხმება არის უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტიები უკრაინისთვის.