რა ცვლილებები იქნება ხმის მთვლელ აპარატებთან დაკავშირებით – ცესკო-ს თავმჯდომარე სიახლეებზე საუბრობს

ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკო-მ სათანადოდ უნდა უპასუხოს ყველა სპეკულაციას, განსაკუთრებით ისეთ ფონზე, როგორიც მისი თქმით, იყო პროპაგანდისტული სპეკულაცია ხმის ფარულობასთან დაკავშირებით.

„დღევანდელ დღემდე, ჩვენ გვესმის არაერთი განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ფარულობის საკითხი იყო ერთ-ერთი გარემოება იმისთვის, თუ რატომ იყო ეს არჩევნები მანიპულირებადი. რეალურად, არცერთი სასამართლო ინსტანციის პირობებში, არც საარჩევნო ადმინისტრაციაში დავების განხილვის ნაწილში, არც ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს საკითხი ზოგიერთმა ჩართულმა მხარემ სასპეკულაციოდ გამოიყენა, ახორციელებდნენ რა, კანონსაწინააღდეგო ქმედებებს საარჩევნო უბანზე, რაც გამოხატული იყო იმით, რომ ხმის მიცემის პროცესში და უშუალოდ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესის კანონსაწინააღმდეგო გადაღება ხდებოდა. მათ გამოიყენეს სასპეკულაციოდ, თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონვის შემთხვევები წარმოადგენდა ხმის ფარულობის დარღვევას, მაშინ როცა, უზრუნველყოფილი იყო ჩარჩო ფორმა, ბიულეტენს არანაირი ბმა არ გააჩნია ამომრჩეველთან და წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმეს იდენტიფიცირება მოეხდინა, თუ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს საკითხი სპეკულაციურად იყო წარმოჩენილი.

ბუნებრივია და ეს ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ინსტიტუციამ სათანადოდ უპასუხოს ყველა ასეთ იდენტიფიცირებულ სპეკულაციას, ჩვენ ამას ისედაც რეგულარულად ვახორციელებთ ხოლმე, როდესაც არჩევნების ანალიზს ვაკეთებთ. განსაკუთრებით ისეთ ფონზე, როცა ასეთი მასშტაბის პროპაგანდისტულ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი ხმის ფარულობასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნები და ამ შემთხვევაში 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალური არჩევნები დავიცვათ და მაქსიმალურად შევამციროთ სპეკულაციებისთვის სივრცე, რომლის არსებობასაც სხვადასხვა ჩართულმა მხარემ მისცა ხელი, ჩვენ უზრუნველყავით შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამ ყველაფრის გადაზღვევა და პრევენციული მექანიზმების მიღება. ეს მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ხმის მთვლელ აპარატზე მოთავსდება ქაღალდისებრი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუძლებელი იყოს გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ მარკერის კვალის უკანა გვერდზე არსებობა არ ნიშნავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებად. გაკეთდება შესაბამისის საფარი. ამასთანავე, ჩარჩო ფორმა, რომელშიც ამომრჩეველი ათავსებდა ბიულეტენს, განხორციელდა ამ ჩარჩო ფორმის დაგრძელება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.