ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონი ხმათა 30%-ით ლიდერობს – სავარაუდოდ, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები

2025 წლის არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი ჯორჯ სიმიონი, მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ, ბუქარესტის მერი ნიკუსორ დანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და ლიბერალი პოლიტიკოსი ელენა ლასკონი, რომელმაც გასულ წელს არჩევნებზე მოულოდნელად მაღალი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა.

კომპანია Avangarde-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პროგნოზით, სიმიონი პირველ ადგილს დაიკავებს და რუმინეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების 30%-ს მიიღებს. არჩევნების პირველ ტურში სიმიონის ლიდერობას ადასტურებს კომპანია Curs-ის ეგზიტპოლიც. აქ ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კიდევ უფრო მაღალი შედეგი – 33,1% აჩვენა.

ამავე პროგნოზით, მოქმედი სამთავრობო კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ 22,9%-ით მეორე ადგილზეა. ნიკუსორ დანმა – 20,9% მიიღო. ვიქტორ პონტამ 14,7%, ხოლო ელენა ლასკონიმ 4,4% დააგროვა.

ამასთან, ეგზიტპოლის ჩამტარებელი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევები არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი რუმინელი ამომრჩევლების ხმებს, რომელთა ხმის მიცემა კვლავ გრძელდება. როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ხმები ქვეყნის შიგნით არსებული ხმების 10%-ზე მეტს შეადგენს.

ვინაიდან ვერცერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები 50%-ს ვერ აღემატება, სავარაუდოდ, 18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის გაიმართება.