„სანამ აშშ-ის პრეზიდენტი „ნატოსა“ და ევროპის განადგურებითაა დაკავებული, აღმოსავლეთში ახალი, აგრესიული კოალიცია ყალიბდება,“ – წერს CNN. 9 მაისს, მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმზე, მთავარი სტუმარი ჩინეთის მმართველი სი ძინპინი იქნება. ქვეყნის ლიდერი, სახელმწიფო ვიზიტით, მოსკოვში 4 დღეს გაატარებს და ეცდება, სადღესასწაულო ღონისძიებების ფონზე, პუტინთან „ურთიერთობა გააღრმაოს.“
როგორც CNN იუწყება, „დასავლეთის ბანაკში ტრამპის მიერ გამოწვეული დაპირისპირების ფონზე, სი ძინპინის მოსკოვში ყოფნა, ორი ლიდერისა და მათ ქვეყნებს შორის ერთიანობის აშკარა დემონსტრირებაა.“
ვიზიტამდე, რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალაში, სი ძინპინი აღნიშნავდა, რომ „ორი ქვეყანა მტკიცედ უნდა დაუპირისპირდეს ჰეგემონიზმისა და „ძალაუფლების პოლიტიკის“ ყველა ფორმას“ და „წინააღმდეგობა გაუწიოს მათ მეგობრობაში ჩარევის ან მისი შელახვის ნებისმიერ მცდელობას.“
9 მაისს, მოსკოვში ვიზიტს სხვა ლიდერებიც ელოდებიან, მათ შორის, ბრაზილიის, ვიეტნამის და ბელორუსის მმართველები. აღლუმში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საპატიო გვარდიის წევრები.