ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ იერიშს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით რაკეტები ისროლა, რითაც მკვეთრად დაძაბა ურთიერთობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, – ფაქტზე NBC News გვიყვება. უკანასკნელი მონაცემებით, შეტევის შედეგად, 26 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია 46-ზე მეტი პირი. ფაქტი პაკისტანმა როგორც “ომის აქტი“ ისე შეაფასა.

პაკისტანი

ინდოეთმა პაკისტანის პროვინცია პენჯაბსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირს დაარტყა. შეტევა 9 ლოკაციაზე განხორციელდა. პაკისტანის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულებს შორის, მეჩეთში მომლოცველი 6 პირია.

საპირისპიროს აცხადებს ინდოეთი. მათი თქმით, სამიზნე ობიექტების შერჩევისას, „მნიშვნელოვანი თავშეკავება“ გამოიჩინეს და მხოლოდ, „ტერორისტულ ბანაკებს“ დაარტყეს. „მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ვესხმით!“ – აღნიშნულია ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენი ქმედებები იყო მიზანმიმართული, მოზომილი და არ იყო ესკალაციისკენ მიმართული,“ – აცხადებს ინდოეთი.

პარალელურად, სოციალურ მედიაში ვრცელდება მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის, დარტყმების შედეგად, რამდენიმე შენობა. სხვადასხვა ობიექტზე ითიშება ელექტროენერგია. დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების მანქანებით კლინიკებში გადაყავთ. აფეთქება ხდება ველომრბოლელთა ახლოს.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს 22 აპრილს მომხდარ თავდასხმაში, რომელიც ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში მოხდა და ძირითადად, ტურისტები შეეწირნენ. 26 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ინდოეთმა „ტერორისტული აქტი“ უწოდა.

პაკისტანი იმუქრება, რომ ინდოეთის საჰაერო თავდასხმებს უპასუხოდ არ დატოვებს. როგორც NBC News-ს პაკისტანის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათ, უკვე, ჩამოაგდეს ინდოეთის საჰაერო ძალების 5 თვითმფრინავი და ერთიც დრონი. ინფორმაცია ინდოეთმა არ დაადასტურა.