ირაკლი კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა

ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართლი ოცნების“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი

კობახიძის თქმით, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს.

„ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა: სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.