პაკისტანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ინდოეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„დადასტურებულია, რომ ინდოეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი უკვე ჩამოგდებულია“, – განუცხადა CNN-ს პაკისტანის სამხედრო ძალების სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ შარიფ ჩაუდჰრიმ.
მანამდე ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა.
22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.