თუ უკრაინა არ დაიცავს სამდღიან „ზავს“ პუტინი გეგმავს, უკრაინას, კონკრეტულად კიევსაც, „ორეშნიკის“ რაკეტით შეუტიოს – რუსული მედია

კრემლში ფიქრობენ, რომ უკრაინა არ დათანხმდება სამდღიან „ზავს“, რომელიც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს სამხედრო აღლუმის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით დარტყმისთვის სამიზნეების იდენტიფიცირება დაავალა, წერს UNIAN-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

პუტინი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ უკრაინული დრონები მოსკოვსა და რუსეთის სხვა რიგ რეგიონებზე შეტევას აგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით, პუტინი „გადამწყვეტ რეაგირებას“ განიხილავს.

აღნიშნულია, რომ კრემლის ლიდერმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმისთვის სამიზნის განსაზღვრა დაავალა. წინასწარი ინფორმაციით, სამიზნედ კიევი შეირჩა.

„როგორც ჩანს, ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება“, – წერს რუსული მედია.

UNIAN-ის ცნობით, მანამდე უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვადიმ დენისენკომ აღნიშნა, რომ ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ორეშნიკის“ ბალისტიკურ რაკეტაზე არ საუბრობდა. მან გაიხსენა, რომ კრემლის ხელმძღვანელმა არაერთხელ შეაქო ეს რაკეტა და თქვა, რომ მას „ანალოგი არ აქვს“.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პუტინის დუმილი „ორეშნიკის“ შესახებ შესაძლოა, იმ პრობლემებს უკავშირდებოდეს, რომლებიც რუსებს ამ რაკეტების წარმოებასთან დაკავშირებით შეექმნათ.