12 წლით პატიმრობა ემუქრება 32 წლის ქალს, რომელიც 63 წლის პირს სხვადასხვა ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა

1993 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, ის 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

უწყების ცნობითვე, მ.ფ., ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

“კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებულმა და დაზარალებულმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გაიცნეს, დამეგობრდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა, 63 წლის ქალს შესთავაზა, რომ კლიენტების მოძებნაში დაეხმარებოდა. თუმცა, სანაცვლოდ, მისთვის თანხა უნდა გადაეხადა.

თავდაპირველად დაზარალებული დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით მან გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა, რის შემდეგ მის მიმართ მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო.

“ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.