აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
თურქული გაზეთის Hürriyet-ის ცნობით, „თბილი“ სატელეფონო საუბრის დროს პოლიტიკოსებმა ერთმანეთი თავიანთი ქვეყნების დედაქალაქებში მიიწვიეს. ტრამპმა პირობა დადო, რომ თურქეთს ეწვევა, მაგრამ ერდოღანის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი ივნისში იგეგმება.
„ტრამპმა პრეზიდენტ ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შუამავლობა სთხოვა. პრეზიდენტი ერდოღანი ისეთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია შეხვდეს როგორც პუტინს, ასევე ზელენსკის. ის დადებითად არის განწყობილი შუამავლობის შეთავაზების მიმართ“, – წერს თურქული გაზეთი.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავალი გამხდარიყო.