უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. მანამდე კი მოსკოვმა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა დაადასტუროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
„ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ რუსები საბოლოოდ დაფიქრდნენ ომის დასრულებაზე. მსოფლიოში ყველა ამას ძალიან დიდი ხანია ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.
აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, მდგრად და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისს და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.