აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრები გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რუბიო აგრეთვე ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრებთან საუბრის მთავარი თემა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან პირდაპირი დიალოგის იდეით გამოვიდა. მან უკრაინულ მხარეს სტამბულში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. იდეას მხარი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუჭირა. მან განაცხადა, რომ პირადად ჩაფრინდება თურქეთში 15 მაისს. ამ დროს თურქეთში იქნება მარკო რუბიოც და, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.