„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში რუსეთის მხრიდან არავის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
„ჩვენ ხომ კარგად გვესმის რუსეთის ხელისუფლების კონსტრუქცია. ის ადამიანებიც კი, ვისაც ფორმალური სტატუსი გააჩნიათ, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი, ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. ომის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პუტინს შეუძლია, ეს არის უეჭველი ამბავი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, თუ სტამბოლში არ იქნება წარმოდგენილი „რუსეთი უმაღლეს დონეზე“, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის დასრულებისთვის და პირდაპირი მოლაპარაკების წარმართვისთვის მზად არ არის. პოდოლიაკის თქმით, თუ პუტინი სტამბოლში ჩავა, უკრაინა იურიდიულ კორექტივებს შეიტანს დოკუმენტებში, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას კრძალავს.
მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში არ ჩავა, შესაძლებელია უფრო დაბალ დონეზე „ტექნიკური შეხვედრის ჩატარება“, მაგრამ ასეთი შეხვედრის აზრი გაუგებარია, რადგანაც არანაირი სერიოზული საკითხი იქ გადაწყვეტილი არ იქნება.