ვინ არის 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე გოგო, რომელსაც 12 კგ მარიხუანა და 2 კგ ჰაშიში უპოვეს – რამდენი წელი ემუქრება დამნაშავეს?

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 19 წლის ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.

ადვოკატი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა პროკურორმა მიმალვისა და ახალი დანაშაულის საშიშროების გამო პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

გამოძიების ცნობით, ,,თბილისის აეროპორტის” საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა” და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღეს.