ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა, რომელსაც თავისი მოკრძალებული ცხოვრების სტილის გამო „მსოფლიოს უღარიბესი პრეზიდენტი“ უწოდეს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი თანამებრძოლის, პეპე მუხიკას გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა ურუგვაის პრეზიდენტმა, იამანდუ ორსიმ.
ორსის თქმით, მუხიკა იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ აქტივისტი, მისაბაძი მაგალითი და ლიდერი.
მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აირჩიეს და ქვეყანას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ახალგაზრდობაში, 60-იან და 70-იან წლებში, ის მემარცხენე რადიკალური მოძრაობა „ტუპამაროსის“ რაზმებში იბრძოდა, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული და ხელისუფლებასთან საბრძოლველად პარტიზანულ მეთოდებს იყენებდა.
მან ციხეში 14 წელი ციხეში გაატარა. ის 1985 წელს გამოვიდა ციხიდან, როდესაც ურუგვაიში დემოკრატია აღდგა.
იანვარში მუხიკამ განაცხადა, რომ მისთვის დიაგნოზირებული საყლაპავის კიბო სხვა ორგანოებზეც გავრცელდა და მკურნალობას არ ექვემდებარება. მან უარი თქვა შემდგომ მკურნალობაზე და თანამემამულეებს დაემშვიდობა.