გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი რუსეთს აკრიტიკებს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე თურქეთში დაბალი დონის დელეგაციის გაგზავნის გამო.
ამის შესახებ დევიდ ლემიმ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ ჩამოვედით ერთადერთი გზავნილით, ვიდგეთ უკრაინის გვერდით და უზრუნველვყოთ, რომ მივიღოთ სამართლიანი და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა. ამ მშვიდობისთვის მზადება აჩვენა პრეზიდენტმა, ზელენსკიმ თურქეთში ჩამოსვლით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ მოლაპარაკებებისთვის მზადებას და ცნობად მივიღეთ რუსეთის მხრიდან დაბალი დონის წარმომადგენლობის გაგზავნა“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში უკვე ჩავიდა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი. ასევე, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.