„ქართული ოცნების” კრიტიკას, რომ დიპლომატიური კორპუსის ნაწილი უხეშად ერევა შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი პოსტი მოჰყვა, სადაც ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს, რომ „გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას ანტიქართული ქმედებების ასალაგმად”. შათირიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანია, ხშირად წინასწარ აჟღერებს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შემდგომ რეალურ პოლიტიკაში გადაითარგმნება-ხოლმე. ამიტომ, გასაგებია, რომ ამ ტექსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
თავად ფილოსოფოსი დასძენს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით კონკრეტული რიცხობრივი კვოტა უნდა დაადგინოს. წერს, რომ საელჩოებში მომუშავე პირთა „ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან”.
პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენის კონვენცია დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას უკრძალავს.
„არასწორი პრაქტიკაა, როდესაც ელჩები და საელჩოები პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული! ეს ელჩისა და საელჩოების საქმე არ არის! – როდესაც არჩევნების წინ ევროკავშირის ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკოსები და აგენტურა უნდა დააბრუნონ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა”, – განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ბოლო მწვავე დებატები გერმანიასა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არ გამორიცხავს, რომ „გერმანიის ელჩი გახდეს პირველი დესპანი, რომლის გაწვევასაც ქართული მხარე ახალ კანცლერს მოსთხოვს”.
გერმანელ დიპლომატთან დაკავშირებული სკანდალი
მანამდე, გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „დიფ სტეიტი” არ არსებობს და რომ ის გამოგონილია. ამას კი „ოცნებისგან” მოჰყვა პასუხი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, პიტერ ფიშერმა „თავადაც იცის”, რომ „დიფ სტეიტი არსებობს”, „არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თვითონ (ფიშერი) ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად”.
ამას უპასუხა გერმანიის ახალმა მთავრობამ, რომელიც “ოცნებას” მოუწოდებს, რომ უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა პიტერ ფიშერზე.
„გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია”, – აღნიშნულია გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში, რომელიც „ფორმულას” კითხვის პასუხად გამოუგზავნეს.
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა აცხადებს, რომ შეშფოთებას გამოხატავს ელჩებთან დაკავშირებულ „ოცნების” რიტორიკაზე, რადგან ეს ქვეყანას სრულ იზოლაციამდე მიიყვნს. „ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რაც, როგორ ჩანს, ამ ხელისუფლების მიზანია”,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
„ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ოცნებას” ახალი ინსტრუქცია მოუვიდა, რომლის მიზანი დასავლელი დიპლომატების შერჩევით გაძევებაა.
„ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან – დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება. რუსეთი, მანამდე საბჭოთა კავშირი, იგივე ხერხით ქვეყნიდან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს აგდებდა. არანაირი დასავლეთთან „ნორმალიზაცია” არაა ამათი დღის წესრიგი. ამოცანაა ბოლომდე ჩახსნან დასავლეთი საქართველოდან, გაწმინდონ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი დასავლური ღირებულებების ხალხისგან, გატეხონ საზოგადოებრივი პროტესტი და „გასუფთავებული” ჩააბარონ რუსებს. მერე რა ჯოჯოხეთიც იქნება ეს ქვეყანა, ჩართეთ რუსული პროპაგანდა, ომში მოკლული შვილების, ქმრების და ძმებისთვის მადლობას რომ ეუბნებიან პუტინს და მიხვდებით. უკრაინის ტერიტორიის 1%-ის ასაღებად 400 000 რუსი მოაკვლევინა პუტინმა გასულ 18 თვეში. დამატებითი საზარბაზნე ხორცი სჭირდებათ, თუნდაც ცოტა იყოს”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
რა მოჰყვება ელჩების სკანდალს
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ზაზა შათირიშვილის განცხადება, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს.
„უბრალოდ აქამდე იყო სიტყვიერი შეტევა ჩვენს მოკავშირეებზე, დასავლეთის სახელმწიფოებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე და, როგორც ჩანს, ხელისუფლება უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლას გეგმავს ჩვენი პარტნიორების მიმართ და ამის გაკეთებას ცდილობს არა იმიტომ, რომ მისი ინიციატივაა, არამედ ეს ინიციატივა წამოვიდა მისი მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან და ხელისუფლება მათ აზრს და ინტერესებს ითვალისწინებს.
„რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება მოიმოქმედონ, ალბათ თანამშრომლებს გარკვეულწილად შეზღუდავენ, ან გარკვეულ წარმომადგენლებს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ, თუმცა შესაძლოა ეს ამ ეტაპზე არ განახორციელონ, ახლა არ მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ შტატების საელჩო დახურონ, ან ამდაგვარი რამ მოხდეს, ჯერჯერობით მაინც.
„დიპლომატიური კავშირების გაწყვეტამდეც ამ ეტაპზე საქმე არ მივა, თუმცა საბოლოო ჯამში არც იმას გამოვრიცხავ, რომ ურთიერთიბების ასეთი კულმინაცია დიპლომატიური კავშირეების გაწყვეტამდეც კი მიიყვანოს საქართველოს ხელისუფლებამ. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ მგონია, რომ დღეს გარკვეული თანამშრომლების შემცირებაზე იქნება საუბარი. ძირითადად ალბათ საელჩოების იმ ნაწილზე, რომელიც მიაჩნიათ, რომ არიან არა მხოლოდ საელჩოების თანამშრომლები, არამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ალბათ ჯერჯერობით ამ მიმართულებით დაიწყებენ.
„სანამ გერმანიის კანცლერისგან იქნებოდა გაფრთხილება, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება და ამაზე პასუხი იყო, რომ ის ერეოდა საშინაო საქმეებში. შესაძლოა, გერმანიის ელჩი გახდეს პირველი დესპანი, რომლის გაწვევასაც ქართული მხარე მოსთხოვს ახალ კანცლერს. ზოგადად ეს „ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია, მით უმეტეს ახალი კანცლერი საკმაოდ რადიკალურია, ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ითქვა, რომ გერმანიას უნდა ჰყავდეს უძლიერესი არმია ევროპაში და ასეთი ტიპის კანცლერის მხრიდან ქმედებებიც უფრო რადიკალური იქნება ჩვენს მიმართაც და უკვე „ქართული ოცნებისა” და კობახიძის მხრიდან გერმანიის მიმართ”,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ირწმუნება, რომ საელჩოების დახურვაზე არავინ საუბრობს.
„საელჩოების დახურვაზე არავინ ლაპარაკობს. ყველა მოიქცეს ისე, როგორც პროტოკოლით და დიპლომატიური წესით არის გაწერილი. არავინ ეკითხება ელჩებს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ. ვინმეს წარმოუდგენია, რომ გერმანიაში საქართველოს საელჩომ ისეთი განცხადება გააკეთოს, რომელიც გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხება? ელჩი ისე უნდა მოიქცეს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტი მოითხოვს. აქედან გამომდინარე, შათირიშვილის ყოველ წინადადებას ვეთანხმები”, – განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, რა ზომები შეიძლება გაატაროს ამ მხროვ საქართველოს ხელისუფლებამ, გვენეტაძემ გვითხრა:
„ისეთი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომელიც არ გასცდება დიპლომატიურ ნორმებს და ეტიკეტს, რომ პატივი სცენ დიპლომატებმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ამისთვის იქნება შესაბამისი განცხადებები მიმართვები და ა.შ.” – უთხრა გვენეტაძემ „რეზონანსს”.
რაზე მიუთითებს “ოცნებას” ზაზა შათირიშვილი
ფილოსოფოსის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და „აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და ენჯეოების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა.
„საზოგადოება კარგად ხედავს და აცნობიერებს, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ყველაფერნი არიან, გარდა დიპლომატებისა. უმეტესობა მათგანი, განსაკუთრებით დიფ სთეითის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მიერ მართული ქვეყნებიდან დანიშნული „დიპლომატები” უხეშად ერევიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, სრულ კოორდინაციაში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან და უფრო მეტიც, ისინი სრულად აკონტროლებენ პატრონების დავალებით ე.წ ოპოზიციას. მაგალითები უამრავია. სულ ბოლოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულმა გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ გადადგომამდე მას ჰქონდა კომუნიკაცია კელი დეგნანთან, ისაუბრეს ყველაფერზე, მათ შორის ნიკა მელიას დაკავებაზე, ხოლო ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ყოფილმა პრემიერმა გუნდის ღალატის უპრეცედენტო აქტი ჩაიდინა და ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით თანამდებობიდან გადადგა”,- წერს იგი.
მისი აზრით, „ოცნება”უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა ქვეყანამ მუდმივ კრიზისში არ იცხოვროს.
„ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებული ადამიანებითვის. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამეთუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და ეჯეოებების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში”, – წერს ზაზა შათირიშვილი.