ისრაელმა და სირიამ აზერბაიჯანის შუამავლობით ბაქოში საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
გამოცემა Ynet-ის ცნობით, ისრაელის მხრიდან შეხვედრას უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნები წარმოადგენდნენ – გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოდედ ბასიუკი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები. მოლაპარაკებაში თურქეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
წყაროების ცნობით, მხარეებმა ისრაელ-სირიის საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესი განიხილეს. ეს იყო პირველი კონტაქტი ისრაელის ძალოვან სტრუქტურებსა და სირიის ახალ ხელისუფლებას შორის. მანამდე ბაქოში მოლაპარაკება ისრაელის და თურქეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა, ანკარა მოლაპარაკებას სირიის ახალი ხელისუფლების სახელით აწარმოებდა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სირიის მიმართ სანქციებს შეამსუბუქებს. ისრაელის ოფიციალური პირები ამ ფაქტს საერთო ჯამში დადებითად აფასებენ და მას ირანისგან სირიის დისტანცირების და „აბრაამის შეთანხმებაში“ სირიის შესაძლო ჩართვის კუთხით განიხილავენ.