კრემლი: პუტინისა და ტრამპის საუბრისას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგები იქნება გათვალისწინებული

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგები იქნება გათვალისწინებული.

ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი

„საუბარი მნიშვნელოვანია, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით. ჩვენ [კრემლში] უკვე ვთქვით ყველაფერი, რაც შეგვეძლო მოლაპარაკებების, ძირითადი პოზიციური საკითხების შესახებ. დაველოდებით და საუბრის შედეგების მიხედვით, საუკეთესო შესაძლო შეტყობინებას მოგაწვდით“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე ინფორმაციით, პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი დღეს, 19 მაისს, მოსკოვის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 19 მაისს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს. ტრამპის თქმით, კრემლის ხელმძღვანელთან საუბრის თემები ომის დასრულება და ვაჭრობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. 

შეხვედრის შემდეგ მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, გაცვალონ პატიმრები „1000/1000“ ფორმატით, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა შესაძლო სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დეტალურად გაამჟღავნონ ის და განაგრძონ მოლაპარაკების პროცესი.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე შეხვედრის შედეგით კმაყოფილია. მისივე თქმით, უკრაინამ სახელმწიფოების ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მოითხოვა და რუსეთმა „ეს თხოვნა გაითვალისწინა“.