„შინაარსი ვერ ეწევა რიცხვებს“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმუშევრობის დონე მინიმუმამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა. კერძოდ, 2024 წელს უმუშევარი იყო 227 ათასი მოქალაქე.
ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და 54.8% შეადგინა. მონაცემები აჩვენებს, რომ სამუშოა ძალა გასულ წელს 1 629 500-ს შეადგენდა.
გაზრდილია როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ისე თვითდასაქმებულთა რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა 40 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა – 27.9 ათასით. კერძოდ, 2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა იყო 960.4 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხვი – 441.5 ათასი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ირაკლი მაკალათია აღნიშნავს, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზე გავლენა მოახდინა როგორც ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების ზრდამ, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებამ და თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდამაც.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები აჩვენებს გაუმჯობესებას დასაქმების კუთხით, უმუშევრობის არსებული დონე მაინც მაღალი მაჩვენებელია.
„ყველა პარამეტრში არის ზრდა, რომ შეხედავ იფიქრებ, რომ უმუშევრობა მცირდება ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. მთავარი ფაქტორი, რის გამოც შემცირდა უმუშევრობა, არის ის, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ასევე გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელიც. თუმცა, ამასთან ერთად უმუშევრობის შემცირება გარკვეულწილად გამოიწვია სახელმწიფო დასაქმების პროგრამამ და თვითდასაქმებულთა წილის ზრდამ. ეკონომიკა ვითარდება, კარგად თუ ცუდად ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვითარდება ნელი ტემპით და მსგავს დროს ყოველთვის გვაქვს ხოლმე უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა მცირდება, მაინც მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ვგულისხმობ იმას, რომ უმუშევრობის 13.9%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი მოიცავს არა მთლიან მოსახლეობას, არამედ ეკონომიკურად აქტიურ ადამიანებს 15 წელს ზემოთ, პლუს გათვალისწინებულია ის ადამიანები, ვინც ეძებენ სამსახურს. ამ ფონზე უმუშევრობის ის პროცენტი რაც გვაქვს, შეფარდებითად მაინც მაღალია“, – აცხადებს ირაკლი მაკალათია.
უმუშევრობის დონის შემცირება გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ უნდა უმჯობესდებოდეს იმ მოქალაქეების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, ვისაც დამატებით ფინანსური შემოსავლები გაუჩნდა. თუმცა, მაკალათია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ არ წასულა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითდასაქმებულების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის წყაროა შინამეურნეობები, რაც, როგორც წესი, მაღალი შემოსავლებით არ ხასიათდება.
„რაც შეეხება იმას, უმუშევრობის კლების ტენდენციის ფონზე, რამდენად გაუმჯობესებულია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასე თუ ისე, სოციალური ფონი მცირედით გაუმჯობესდა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ რადიკალურად უკეთესი მდგომარეობაა. იმ დონეზე არ გაუმჯობესებულა სოციალური მდგომარეობა, რაც რიცხვებით ჩანს. ამ რიცხვებს კიდევ თავის სოციალური შინაარსი აქვს, შინაარსი კი ვერ ეწევა რიცხვებს – ის რომ თვითდასაქმებულთა და სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმების ხარჯზეა გაზრდილი დასაქმება, მაინც და მაინც, სოციალური კეთილდღეობის გაზრდას არ ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.