ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს დაფარვის საკითხია. ოპოზიციონერთა ნაწილი გირაოს გადახდას არ აპირებს, ნაწილს კი გადახდილი აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციონერები საპარლამენტო საგამოძიებო სხდომაზე არ გამოცხადდებიან და კომისიის წესებს „აბუჩად აიგდებენ”, სამართლებრივი პასუხი შესაბამისი იქნება.
კოალიცია „ცვლილებებისთვის” ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელიას პასუხი გირაოს გადახდაზე კატეგორიული „არა”-არის, . „ლელოს” ლიდერებმა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, 50-ათას ლარიანი ჯარიმები უკვე გადაიხადეს. „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი, მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ხვალ ან ზეგ მიიღებს. მმართველ გუნდში ოპოზიციის ამ ქმედებებს „შოუს” უწოდებენ და სამართლებრივი დასჯის მექანიზმებზე საუბრობენ.
გიორგი ვაშაძემ ისაუბრა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ცივი გონებით მიიღებს:
„გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ხვალ ან ზეგ მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩემს საქმესთან მიმართებაში ვადები ასე არის დაწესებული. ხვალ თანაგუნდელებთან ერთად მექნება მსჯელობა.
ორივე გზას აქვს თავისი არგუმენტები. რა თქმა უნდა, დასაფასებელია ადამიანის თავგანწირვა, რომ ციხეში მიდიხარ. მეორე არგუმენტი, რაც ხშირად მესმის – სად უფრო გვჭირდება პოლიტიკური ლიდერები მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით შეიძლება პასუხისმგებლობა იყოს ასაღები? სხვა ტიპის გადამწყვეტ მომენტზე ვსაუბრობ მომავალში – თუ საპატიმრო დაწესებულებაში იქნება ყველა. ორივე მხარეს არის არგუმენტი, ამიტომ ცივი გონებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული,” – განაცხადა ვაშაძემ.
თუმცა, ვაშაძის მსგავსად არ ფიქრობს კოალიცია „ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია. ვაშაძის კომენტარს ეხმიანება და ამბობს:
„პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს, თუ ციხეში? – საკითხის ასე დასმა ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს, თუ ციხეში? პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს, თუ ციხეში? პოლიტპატიმარი ჟურნალისტი მედიასივრცეში უნდა იყოს, თუ ციხეში? ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000-ზე და არც 50 000 ლარზე. საუბარია – შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ, თუ არ თამაშობ? ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან, ან იბრძვი ბოლომდე და ხარ მართალი ამ ბრძოლაში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
საინტერესო იყო „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის კომენტარიც, რომელიც მელია-ვაშაძის „პაექრობას” განერიდა:
„ჩვენ არც არავის დამუნათებას და ჭკუის სწავლებას არ ვაპირებთ – ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, როგორ წარმოუდგენია თავისი ბრძოლის გზა,” – განაცხადა ბარამიძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციური პარტიები კანონმდებლობის აბუჩად აგდებას გააგრძელებენ, ამას შესაბამისი სამართლებრივი პასუხიც მოჰყვება.
„აბუჩად აგდება – როგორც საზოგადოების, როგორც საგამოძიებო კომისიისა და, ზოგადად, კანონმდებლობის – ამას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი საკანონმდებლო შედეგები. თუ მზად არიან ამ შედეგებისთვის – ეს მათი არჩევანია, გადაიხდიან თუ არა,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი კი ამბობს, რომ „ვიღაცებს ციხეში წასვლა გააზრებულად სურთ”: „ბატონი ხაზარაძე-ჯაფარიძე, როგორც ჩანს, კომფორტს უფრო რთულად ელევიან. შეიძლება ბატონმა გვარამიამ – ციხე, რომელსაც „ქართული ოცნების” პირობებში გამოვლილი აქვს – შეიძლება, წავიდეს ამ ნაბიჯზე. ვის როგორი დავალება აქვს, მოდით, ესეც ვთქვათ – ვიღაცას ციხეში წასვლა გააზრებულად აწყობს, რომ აიცილოს შემდეგი დისკომფორტი; ვიღაცას უნდა, რომ გმირად შეირაცხოს – რომ აი, ბრძოლის გამო ციხეში წავიდეს,” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.