BILD – ტრამპმა ევროპას შესთავაზა, უკრაინა და რუსეთი პირისპირ დატოვოს

დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე უარის თქმამ ევროპელი ლიდერები შოკში ჩააგდო“, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

დონალდ ტრამპი

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა ევროკავშირის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მან ფაქტობრივად გამოკვეთა უკრაინაში ომთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება.

BILD-ის წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპი აღარ მოითხოვს პუტინისგან 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას და არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

წყაროების ცნობით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის მონაწილეები (გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი) შოკირებულები იყვნენ ტრამპის განცხადებით, რომ „რუსეთი და უკრაინა გამოსავალს ერთმანეთთან მოძებნიან“.

BILD-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ ვერავინ გაბედა იმის გარკვევაც კი, ნიშნავდა თუ არა ეს აშშ-ს საბოლოო უარს უკრაინის მხარდაჭერაზე.

წყაროების ცნობით, ბერლინი შიშობს, რომ ვაშინგტონი სრულად უარს იტყვის კონფლიქტში თავის ამჟამინდელ როლზე და გააუქმებს ამერიკულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.