საქართველოს ბანკმა რუს კლიენტებს ძვირადღირებული გადახდები შეუზღუდა

„საქართველოს ბანკმა“ რუს კლიენტებს ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები შეუზღუდა.

საქბანკის ბარათი

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად რუსულმა მედიასაშუალება РБК-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, კლიენტის საინფორმაციო ბიულეტენის ტექსტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ მაღალი კლასის უცხოურ საცალო ვაჭრობის ობიექტში, „საქართველოს ბანკის“ ბარათებით 300 ევროზე/აშშ დოლარზე/ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხის „გადახდის ვარიანტები შეზღუდული იქნება“.

შეზღუდვები დაწესებულია საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, რომლებიც კრძალავს რუსეთში ამ ოდენობის ფუფუნების პროდუქციის მიწოდებას. საქართველოს ბანკი კლიენტებს სთხოვს, დაუკავშირდნენ რეზიდენტობის შეცვლის შემთხვევაში.

აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“  საქართველოს ბანკში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ ბანკი  საერთაშორისო სანქციების შესაბამის წესებს იცავს.

„საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს“,- გვითხრეს „საქართველოს ბანკში“.