აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისთანავე, მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზე ტრამპთან ერთად გამოჩნდა კიდევ ერთი ექსტრავაგანტური პერსონაჟი მილიარდერი ილონ მასკი.
მათი დუეტი აშშ-სა და მთელს მსოფლიოში, ყოველდღიური განხილვის თემა იყო, თუმცა ეს გრძელდებოდა მანამ, ვიდრე მასკი დონალდ ტრამპის რადარებიდან დაიწყებდა გაქრობას.
“Truth Social-ზე ტრამპი მასკს დღეში რამდენჯერმე მაინც ახსენებდა. თუმცა თვეზე მეტია მის შესახებ ერთხელაც კი არ დაუპოსტავს.
მილიარდერის სახელს, რომელიც ოდესღაც თეთრი სახლის ბრიფინგების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ახლა იშვიათად ახსენებენ. კონგრესის წევრებმაც კი, ფაქტობრივად, ამოიღეს ის თავიანთი საინფორმაციო ბიულეტენებიდან.
“მასკი იმყოფებოდა ოვალურ კაბინეტში, შეხვედრებზე და Air Force One-ში. ის იმყოფებოდა ინაუგურაციაზე, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატის გალერეაში ტრამპის პირველი მიმართვის დროს, სადაც ტრამპმა მისი შრომისმოყვარეობა შეაქო. ის პრეზიდენტთან და რამდენიმე Tesla-სთან ერთად თეთრი სახლის გაზონზე პოზირებდა”, – წერს POLITICO.
-
გამოცემის თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ილონ მასკი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა – “გაცილებით არაპოპულარული, ვიდრე ტრამპი“.
შეკითხვას, თუ რატომ ახსენებს ტრამპი მასკს ნაკლებად, ტრამპის პრესსპიკერმა კეროლინ ლივიტმა, არაპირდაპირ პასუხი გასცა:
“DOGE-ის მისია, რომელიც ეხება სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, ასევე გაფლანგვისა და თაღლითობის აღმოფხვრას, უდავოდ გაგრძელდება. DOGE-ის თანამშრომლები, რომლებიც გააგრძელებენ თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტთან, რათა ჩვენი მთავრობა უფრო ეფექტიანი გახდეს“.
- აღსანიშნავია, რომ მასკის ხსენება ტრამპის გარდა შეწყვიტეს პრეზიდენტის მთავარმა მრჩევლებმა, მისი სახელი ამოღებულია თეთრი სახლის ოფიციალური ანგარიშებიდან.
“გაზაფხულის დასაწყისში Navigator Research-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ DOGE-ის საქმიანობა ნაკლებად პოპულარული იყო, როდესაც ის მასკთან ასოცირდებოდა, ხოლო აპრილის ბოლოს Data for Progress-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას სურდა, რომ მასკი მთავრობიდან წასულიყო მისი 130-დღიანი სპეციალური დავალების დასრულების შემდეგ, რომელიც მაისის ბოლოს – ან უფრო ადრე – იწურება,“ – წერს POLITICO.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასკი საჯაროდ აღარ ჩნდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას გავლენა არ აქვს. გასულ კვირას, ის იმ ტექნოლოგიურ ხელმძღვანელებს შორის იყო, რომლებიც ტრამპს საუდის არაბეთში შეუერთდნენ, ხელი ჩამოართვეს ქვეყნის ლიდერებს და საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ.
საუდის არაბეთში ყოფნისას, მასკმა მისი ჩრდილში გადასვლის შესახებაც ისაუბრა.
“ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე…“ – თქვა მან აკითხზე კომენტირებისას.
აღსანიშნავია, რომ მასკმა, 2024 წლის არჩევნებში ტრამპისა და რესპუბლიკელების მხარდასაჭერად 290 მილიონ დოლარზე მეტი საკუთარი ფული ჩადო.