G7: რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის.

G7

დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების სახელით 20-22 მაისს კანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ასევე, გმობს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, დიდი შვიდეულის ქვეყნები განიხილავენ ყველა „შესაძლო ვარიანტს, მათ შორის სანქციებზე ზეწოლის მაქსიმალური გაძლიერების ვარიანტებს“.

„ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს და ვაფასებთ უკრაინელი ხალხისა და ეკონომიკის უზარმაზარ გამძლეობას. უკრაინამ მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა. „დიდი შვიდეული“ კვლავ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე მხარდაჭერის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმდინარე ძალისხმევას. ასეთი ცეცხლის შეწყვეტა თუ ვერ მოხერხდა, გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლას, მათ შორის ზეწოლის ვარიანტებს, როგორიცაა სანქციების შემდგომი გამკაცრება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს აგრესიას და არ ანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს“, – ნათქვამია დოკუმენტში.