სუვერენიტეტის თეატრი 26 მაისს: ღია წერილი “დამოუკიდებლობის” პროფანატორებს

 

ბატონო მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze, მამუკა მდინარაძე,

თქვენი მორიგი, უკვე ტრადიციად ქცეული მცდელობა, განსაკუთრებით 26 მაისის მოახლოების ფონზე, ქართულ საზოგადოებას მიჰყიდოთ ილუზია საქართველოს უპრეცედენტო დამოუკიდებლობისა, არა მხოლოდ მწარე ირონიას, არამედ ღრმა ინტელექტუალურ აღშფოთებასა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ღია დაცინვას იწვევს. ვისთვის არის განკუთვნილი ეს პოლიტიკური სოფისტიკა, ბატონო მამუკა? ვის ცდილობთ დაარწმუნოთ თქვენი “სუვერენიტეტის” ნამდვილობაში, როდესაც ფაქტები, თქვენივე პოლიტიკური ისტორია და უბრალო ლოგიკა ამ ნარატივს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არა მხოლოდ ძირს უთხრის, არამედ კარიკატურულად ამსხვრევს?

რომელ “დამოუკიდებლობაზე” და “ღირსებაშელახულ ემისრებზე” საუბრობთ, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული გადაწყვეტილებები, დაწყებული საკადრო პოლიტიკიდან – დიახ, სწორედ იმ სამარცხვინო “0.0000000001%-იანი რეიტინგის მქონე” მინისტრებისა თუ პარლამენტის თავმჯდომარეების დანიშვნებით(ხიდაშელი,უსუფაშვილი და ა.შ), რომლებიც უცხოეთის საელჩოების კაბინეტებში წყდებოდა – და დამთავრებული საგარეო კურსის ზიგზაგებით, აშკარად კოორდინირდება იმ “სტრატეგიული პარტნიორების” მიერ, რომელთა “ამორალურ ჩარევებსაც” ახლა ასე მოჩვენებითად “ებრძვით”? ეს ხომ სუვერენიტეტის პროფანაციაა და არა მისი ტრიუმფი! თქვენი ნარატივი, თითქოსდა საქართველო საკუთარი ბედის სრულუფლებიანი განმკარგავია, იმსხვრევა იმ რეალობასთან შეჯახებისას, სადაც ელჩები არა დიპლომატიურ მისიას, არამედ გუბერნატორების ფუნქციას ითავსებენ, და ეს გარედან მართული ფსევდო-სუვერენიტეტი ცხადად ვლინდება ყველა მიმართულებით: როდესაც საზოგადოებრივი დისკურსი და პოლიტიკური დღის წესრიგი, ხშირად, უცხოეთიდან დაფინანსებული “დამოუკიდებელი” მედიასაშუალებებისა და “არასამთავრობო ორგანიზაციების” მიერ თავსმოხვეული ნარატივებით ყალიბდება; როდესაც ქვეყნის ფუნდამენტური კანონპროექტები თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არა ეროვნული ინტერესების, არამედ საერთაშორისო “პარტნიორებისა” და “დონორი” ორგანიზაციების “რეკომენდაციებისა” და ულტიმატუმების პირდაპირი შედეგია; როდესაც სტრატეგიული მნიშვნელობის დარგები, ენერგეტიკიდან დაწყებული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით დამთავრებული, არა ეროვნული პრიორიტეტებით, არამედ გარე აქტორების ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესებით იმართება; და როდესაც ეროვნული იდენტობისა და კულტურული ფასეულობების დაცვის ნაცვლად, ხშირად უცხოეთიდან თავსმოხვეული “უნივერსალური” ნორმებისა და “ღირებულებების” ბრმა კოპირება და დანერგვა ხდება, რაც ერის თვითმყოფადობას უქმნის საფრთხეს.

განა თქვენი ამჟამინდელი, ვითომდა ანტიდასავლური, “პატრიოტული” ფრონდა, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა დროებითი, ტაქტიკური “გაბუტვა” და კეკლუცობა, სანამ მთელი თქვენი გუნდი ახალი, უფრო სასურველი “პატრონის” მოლოდინშია ატლანტის ოკეანის გაღმა? ხომ აშკარაა, რომ ყველა ღონეს ხმარობთ, როგორმე “შეუძვრეთ” რესპუბლიკურ ადმინისტრაციას. განა ბატონი კობახიძის ცნობილი, თუმცა პასუხგაუცემელი ეპისტოლე დონალდ ტრამპისადმი, სწორედ ამ სტრატეგიის კურიოზული და ამავდროულად, სამარცხვინო გამოვლინება არ იყო? და სად იყავით ბატონო მამუკა, 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის 2024 წლამდე? განა სწორედ თქვენი პოლიტიკური ძალა არ წარმოადგენდა იმ “გარე ძალების” ყველაზე მორჩილ და ყურმოჭრილ მსახურს, რომელთა “ამორალურ ჩარევებსაც” ახლა ასე თეატრალურად გმობთ? როდის მოასწარით ეს სასწაულებრივი გარდასახვა “ერთგული ვასალობიდან” “სუვერენიტეტის შეუპოვარ რაინდობამდე”? ნუთუ გგონიათ, საზოგადოებას ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს და ვერ ხედავს ამ ფარისევლობას, როდესაც თქვენი “დამოუკიდებლობის” ხარისხი ყოველთვის იმით იზომებოდა, თუ რამდენად ზუსტად ასრულებდით საელჩოებიდან წამოსულ დირექტივებს?

და ამ ყოვლისმომცველი ფარსის ფონზე, 26 მაისის აღნიშვნა რაღას ემსახურება? ვის და რას ულოცავთ “დამოუკიდებლობის” დღეს? იმ ქვეყანას, რომელიც ერთი გეოპოლიტიკური მოთამაშის გავლენიდან მეორისკენ ისწრაფვის, საკუთარი ეროვნული ინტერესების სრული იგნორირებით? იმ პენსიონერს, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ, ისედაც მიზერულ პენსიას საბანკო პროცენტით “ასესხებს”? იმ ახალგაზრდას, რომელსაც ვერც ხარისხიან განათლებას სთავაზობთ (მიუხედავად იმისა, რომ ამაშიც კი ფულს ახდევინებთ) და ვერც ღირსეული შრომის პერსპექტივას, რის გამოც ქვეყანა საუკეთესო გონებრივი რესურსისგან იცლება? ეს “დამოუკიდებლობა” ხომ სწორედ იმ გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ნეოლიბერალური ექსპერიმენტების შედეგია, რომელმაც ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა.

სინამდვილეში ბატონო მამუკა, საქართველო თავისი ე.წ. “დამოუკიდებლობის” 33-წლიან ისტორიაში, არც ერთი დღე არ ყოფილა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სუვერენული. ის მუდმივად წარმოადგენდა სხვადასხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესთა ჭიდილის არენას, სადაც ხელისუფლებას ენიჭებოდა მხოლოდ მარიონეტული როლი. თქვენი მცდელობა, ეს სავალალო რეალობა “ისტორიულ მონაპოვრად” წარმოაჩინოთ, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ხალხის ინტელექტუალური შეურაცხყოფა და სპექტაკლი, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, არამედ თქვენი პოლიტიკური კლანის ძალაუფლების შენარჩუნებას, თუნდაც ეს ახალი “პატრონის” ძებნას და მისდამი მონური მორჩილების დემონსტრირებას ნიშნავდეს.

ამიტომ, გირჩევთ, თავი დაანებოთ ამ ცინიკურ რიტორიკას და საზეიმო მილოცვებს. 26 მაისი იმის ნაცვლად, რომ იყოს ფარისევლური ზეიმის დღე, უნდა იქცეს ღრმა რეფლექსიისა და იმის გააზრების დღედ, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი და რა ძალისხმევაა საჭირო მის მოსაპოვებლად – არა დეკლარირებული, არამედ ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, სადაც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი და მისი ლეგიტიმური ხელისუფლება მიიღებს და არა საელჩოებსა თუ საერთაშორისო ბიუროკრატიულ კაბინეტებში დაბუდებული “ემისრები” ან ძველი თუ პოტენციურად ახალი “პატრონები”. მანამდე კი, თქვენი მილოცვები, ცარიელ ბგერებად დარჩება ფარსის თეატრში.

ირაკლი ყიფიანი

25.05.2025