იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი იტალიელი სენატორების ჯგუფს: თქვენ ხართ თვითგამოცხადებული სენატორები – საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს, ვინ ჯანდაბა ხართ, ასეთ რამეს რომ წერთ?

იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი, ანდრეა ლომბარდი YouTube-ის საკუთარ არხზე იტალიის სენატში სენატორების ჯგუფის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრობს, რომელიც საქართველოში გაუარესებულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხება, და მას „გამაოგნებელს“ უწოდებს.

ანდრეა ლომბარდი

„ვინაიდან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მკვეთრად დაჩქარდა 2024 წლის 26 ოქტომბრის დარღვევებით სავსე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“ – სიცრუეა. „არჩევნების დროს დაირღვა დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დადგენილი ნორმები და სტანდარტები“ – სიცრუე. და შესაბამისად, „ეს არჩევნები არ აძლევს პარლამენტსა და შესაბამისად, „პრეზიდენტს“ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას“ – სიცრუე. კრიმინალები არიან ისინი, ვინც ამ ყველაფერს წერენ“, – აცხადებს ანდრეა ლომბარდი რეზოლუციაში მოცემულ ჩანაწერებზე.

ლომბარდიმ ასევე იუსაუბრა სალომე ზურაბიშვილზე. მისი თქმით, „საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც მანდატის ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობის დატოვება არც კი სურდა, საფრანგეთის მოქალაქემ, ყოველგვარ სანდოობას მოკლებულმა ქალბატონმა, საჯაროდ დაგმო არჩევნების მანიპულირება“.

„მან ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნებს, რადგან იმან, ვინც მას სურდა, ვერ გაიმარჯვა და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება. აქ ამბობენ „ქართული ოცნებისა და მისი დამფუძნებლის, ივანიშვილის მეთაურობით რეჟიმმა ხელისუფლების არაკონსტიტუციური უზურპაცია მოაწყო, სისტემატურად შლიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძირს უთხრიდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას, რაც აღრმავებს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს საქართველოში“ – ეს ყველაფერი უაზრო სიტყვებია. ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა და ქალბატონი [ზურაბიშვილი] სახლში გაუშვეს“, – აღნიშნავს იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი.

ლომბარდიმ ასევე ისაუბრა რეზოლუციაში მოცემულ ფორმულირებაზე – „საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება“ – და აღნიშნა „თქვენ ხართ თვითგამოცხადებული სენატორები. საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს. ვინ ჯანდაბა ხართ, ასეთ რამეს რომ წერთ?“

მან ასევე განიხილა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაში მოცემული ჩანაწერი.

„მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი რეპრესიები“ – გახსოვთ ის ბრბო, შავებში ჩაცმული, ვინც ყველაფერი გაანადგურა და სასტიკად გაუსწორდა დედაქალაქს? ესენი არიან „მშვიდობიანი მომიტინგეები“? „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიცია, საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე“ – მართლა, და იტალიაში აქვთ? ღირსებაც არ გაგაჩნიათ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ცდილობს დაიცვას თავი საერთაშორისო შეტევისაგან, რომელსაც სათავეში უდგანან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები“.

ლომბარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ შეძლო იმის დადასტურება, რომ საქართველოში უკანონო არჩევნები ჩატარდა.