ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებამ და „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელიას მიერ სასამართლოს პროცესის ბოიკოტის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სივრცეში ახალი დაპირისპირება გააჩინა – ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს , მმართველი გუნდი კი ამას სპექტაკლად მიიჩნევს. ანალიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, მოახდენს თუ არა ეს ფაქტები გავლენას საზოგადოებრივ პროტესტზე – გაამძაფრებს მას, თუ გაანეიტრალებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ პროტესტზე ოპოზიციონერების დაკავება ნეგატიურად იმოქმედებს და საუბრობს ჯაფარიძის დაკავების მნიშვნელობაზე.
„გარკვეულწილად ნეგატიურად შეიძლება აისახოს, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური ლიდერების დაჭერაზე მიდის საქმე – და ახლა ეს დე ფაქტო ხელისუფლების ახალი სტრატეგიული გათვლაა – იდეაში, რა იყო მათი გათვლა? მათ შექმნეს ეს ე.წ. კომისია, იცოდნენ, რომ ამ კომისიაზე არ მივიდოდა ბევრი პოლიტიკური ლიდერი და მერე ექნებოდათ ამ პოლიტიკოსების დაპატიმრების საბაბი, ხომ?
მათ შორის ზურა ჯაფარიძის შემთხვევაშიც ეს მოხდა. ის არ ყოფილა 2012 წლამდე ნაცმოძრაობის წევრი, იყო პოლიტოლოგი და მქონდა პატივი, რომ მასთან ერთად მიმეღო მონაწილეობა რიგ კონფერენციებსა თუ სემინარებში. შემდეგ ჯაფარიძე წავიდა ნაცმოძრაობაში, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა 2012 წლის შემდეგ.
რატომ ვსაუბრობ ამაზე? რადგან კომისია სწავლობს 2012 წლამდე მიმდინარე პროცესებს. ეს არის მაგალითი, რომ ისინი ცდილობენ პრობლემების შექმნას დე ფაქტო ხელისუფლებისთვის. ზურა უფრო თავისუფალია, ვიდრე ის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამიტომაც, მეორე მხრივ, ჯაფარიძის ავტორიტეტი ამაღლდა – ამ შემთხვევაში ჯაფარიძე იქნება გმირი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის”.
ჩიტაძე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. დასძენს, რომ ჯაფარიძის პრეცედენტი ბევრს გააბრაზებს.
„ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტი ბევრს გააბრაზებს და უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაშიც, თუმცა ოპოზიციამ გარკვეული სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ – ოპოზიციამ უნდა გააქარწყლოს ქართული ოცნების მიერ აგორებული დეზინფორმაციაც, თუნდაც თურმე იუსტიციის სახლები იმიტომ შექმნეს, რომ ხალხი ეკონტროლებინათ. სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდნენ ოპოზიციონერები და უნდა ისაუბრონ უფრო მეტი. რატომ არ საუბრობენ უფრო მეტს? ბევრია ისეთი პრეცედენტი, რომელზეც ოპოზიციონერებს აქვთ სასაუბროდ. გაახსენონ, სად იყო საქართველო 2003 წლამდე და რა გაკეთდა შემდეგ”.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. ხაზგასმით ამბობს, რომ არ ელის პროტესტის გამწვავებას ან მასში გარდატეხებს მოსალოდნელი დაკავებების გამო.
„რითი უნდა გაამწვავოს თუნდაც ჯაფარიძის დაკავებამ პროტესტის მუხტი? ვინაა გირჩი ზურაბ ჯაფარიძე? ის არის ერთ-ერთი ამორალური, უგარყვნილესი და უგათახსირებულესი პოლიტიკოსი, რომელსაც ისეთი გამოთქმები აქვს ნათქვამი, რომელიც ერთ ყურიდან მეორეში არ შეიშვება. უფრო მეტსაც გეტყვით – ეს არის ის პიროვნება, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა: ჯარში არ წახვიდეთო”.
გვენეტაძეს უბრალო დამთხვევების არ სჯერა და ამბობს, რომ ოპოზიციონერებს გარედან აქვთ მიღებული დავალება, რომ ციხეში წასვლისთვისაც მზად იყვნენ.
„სამივე მათგანი რატომ შედის ციხეში? გარედან აქვთ დავალება. ეს შემთხვევით არ ემთხვევა ერთმანეთს. ამით მათ პატრონებს უნდათ, საქართველოში სიტუაციის გამწვავება. იმიტომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. ვითომ ვაჟკაცობენ, კაცობენ და შედიან ციხეებში. სინამდვილეში, სულ დედ-მამის სულს უტრიალებენ პატრონებს საკუთარ გულში. მაგრამ იმდენი აქვთ იმათგან შეჭმული და მიღებული ფული, ვერაფერს ამბობენ.
ვის დარჩენია ან გირჩი ზურაბა, ან მელია, ან გვარამია – მათ რომ რამე პროტესტი გამოიწვიონ ქვეყანაში? მათ პატრონებს ვურჩევდი: ისინი უფსკერო კასრში წყალს ასხამენ – და ასხან, ბატონო”, – დასძინა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, კოალიცია „ცვლილებებისთვის” წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 29 მაისს მის სასამართლო პროცესზე დასწრებას არ გეგმავს, რადგან, მისივე თქმით, პატიმრობისთვის მომზადებას არ აპირებს:
„ჩემი პროცესი არის 29 მაისს. მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს რასაც ვუყურებდი – როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს – არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი – ადვოკატი.
არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას – ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს”, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის” ეთერში.
ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
სწორედ ამავე მიზეზით დააპატიმრეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ „სპექტაკლის დადგმაა”.
„რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი და საკუთარ პატრონებს კიდევ ერთხელ მისცენ საფუძველი, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე – თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის. ეს მათი მხრიდან არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.