სოფლის მეურნეობის პროდუქცია 9.5 პროცენტით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატი

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, უწყების ანგარიშით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 51.6 პროცენტიანი მატებით, რაც 9.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, -1.16 და 5.39 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.