კიტ კელოგი: მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის უგუნური კომენტარია

აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომის მუქარის შემცველ კომენტარს „უგუნური“ უწოდა.

კიტ კელოგი

სპეციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მუშაობენ „ამ ომისა და მკვლელობების შესაჩერებლად“.

კელოგმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ელოდება რუსეთისგან დაპირებული „მემორანდუმის“ (ცეცხლის შეწყვეტის შესახებ) მიღებას.

ოფიციალურმა პირმა რუსეთს მოუწოდა „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“.

„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს არ შეეფერება. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად. ველოდებით მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდით. შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“, – დაწერა კელოგმა სოციალურ ქსელ X-ში.