„ოცნება“ აშშ-ის მყისიერ შემობრუნებას ელოდება – ტრამპის წერილი და ურთიერთგამომრიცხავი მინიშნებები ვაშინგტონიდან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს და აცხადებს, რომ სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღმავებას. ასეთ განცხადებებს შეიცასვ მისალოცი წერილი, რომელიც ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს 26 მაისთან დაკავშირებით გამოუცხადა. აშშ-საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელი უკიდურესი გამწვავებისა და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირების განსხვავებული პოზიციისა და განცხადებების ფონზე, პრეზიდენტ ტრამპის წერილმა თბილისში ერთგვარი ეიფორია გამოიწვია.

ტრამპის წერილს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს დამოკიდებულება მისასალმებელია და „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან”.

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას ერთის მხრივ აფრთხილებს, მეორეს მხრივ კი მოქმედების სივრცეს უტოვებს. ნაწილი კი ამბობს, რომ ვაშინგტონიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გახშირდა და ეს რომ დალაგდეს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოო ჯამში კი „ტრამპის ეს განცხადება თავისი წინით შეუდარებლადაც მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა განცხადებები”.

აღსანიშნავია, რომ 21 მაისს კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შემდეგი რამ განაცხადა:

„არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

„ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

„კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება”.

გარდა ამისა, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და საელჩო ეროვნული დღესასწაულის მხოლოდ წერილობითი მილოცვით შემოიფარგლა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ „დიფ სთეითის” გავლენის გამო”, – განაცხადა ამასთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

27 მაისს კი გამოქვეყნდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, სადაც წერია:

„რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში”.

ტრამპის წერილი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

„ბატონო პრეზიდენტო,

„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია – ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

„ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

„გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს”, – ნათქვამია მისალოც წერილში.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაეფუძნება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, რეალურ პარტნიორობას და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში”.

„ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ასევე ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვიყავით და ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, ათწლეულების განმავლობაში არსებული ისტორია. საქართველოს სახით ამერიკას მუდმივად ჰყავდა ძალიან ერთგული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ არაერთი ფაქტი.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს დამოუკიდებლობის დღის ამ წერილით მოლოცვისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ახალი ურთიერთობების საწყისი, რომელიც ქნება ჭეშმარიტად პარტნიორული და ურთიერთსარგებლიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რას ნიშნავს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ, ერთის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია „ოცნებას” აფრთხილებს, მეორეს მხრივ კი მოქმედების სივრცეს უტოვებს.

„ერთის მხრივ, გაფრთხილება მიღებულია. ტრამპსაც რომ იგივე განცხადება გაემეორებინა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ კავშირი მთლად გაწყვეტილია და სულ სხვა ვითარებაში ვართ გადასული. მაგრამ ტრამპის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას” დაუტოვეს რაღაც ლუფტი იმისთვის, რომ მან პოლიტიკა შეცვალოს.

„ეს განცხადება ვნახე და იქ ლაპარაკია იმაზე, რა ურთიერთობებიც დღემდე იყო ამერიკასთან, ანუ იგულისხმება მანამ, სანამ „ქართული ოცნება” ასეთ პოლიტიკას დაიწყებდა. ლაპარაკია, რომ ჩვენ იმის ერთგული ვართო და თუ თქვენც ერთგული იქნებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთო. მაგრამ ეს არ ცვლის იმ გაფრთხილებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. თუ „ქართული ოცნება” ყველაფერს ისე დატოვებს, როგორც არის, მაშინ მოსალოდნელია სანქციებიც და საბოლოოდ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაც”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით კი, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი კეთდება, მაგრამ ტრამპის განცხადება უფრო წონადი და მნიშვნელოვანია.

„ამერიკელ კოლეგებთან კონტაქტები არ მაკლია და იქ არის სრული ქაოსი, სრტუქტურებში იმ დონის არეულობაა, რომელიც კარგა ხანია არ ყოფილა არც აშშ-ში და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში. კეთდება ურთიერთგამომრიცხველი განცხადებები, ხშირად ერთი და იგივე დღის განმავლობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცხადია, ვერ შევადარებთ ტრამპის განცხადების წონას და მნიშვნელობას დაზვერვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშს.

„ამერიკაში 16 სადაზვერვო სტრუქტურა აქვთ, რომელსაც სათავეში უდგას ტალსი გაბალდი, რომელსაც დაზვერვაში ერთი დღე არ უმუშავია. მან სახელი გაითქვა „სალავიოვის შოუთი”, ის ყველაფერში პუტინს ამართლებდა და ახლა ეს ქალი ანგრევს ამ სამსახურს, რაც შეუძლია. დაახლოებით ათი ადამიანი დაპატიმტებულია, წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება.

„ქაოსია, საშუალო და ქვედა დონეზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გახშირდა, ეს რომ დალაგდეს, გარკვევული დრო სჭირდება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ტრამპის ეს განცხადება თავისი წინით შეუდარებლადაც მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა განცხადებები და ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ტრამპის მიზანია არა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა, არამედ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარება”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.