ვისთვის არის ძლიერი სახელმწიფო: ერთი კაცის ბიტკოინებისთვის თუ გათელილი სამართლისთვის?

საზოგადოებავ, ჩვენ კვლავ მომსწრენი ვართ მოვლენისა, რომელსაც ხელისუფლება “სახელმწიფოს სიძლიერის” დემონსტრირებად გვისაღებს. გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილისთვის სავარაუდოდ 110 მილიონის ბიტკოინების მოპარვაში ბრალდებული, დაკავებულია. ოფიციალური ფანფარების ფონზე გვიმტკიცებენ, რომ სამართალდამცავმა სისტემამ იმარჯვა და დამნაშავე, თუნდაც ასეთი მასშტაბის, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას. ამ “გამარჯვების” დეტალებიც კი (სადახლოს მწვანე საზღვარი თუ აბუ დაბის ადვოკატთა ოფისი) კვლავ ბურუსითაა მოცული, მაგრამ მთავარი ხომ “შედეგია” – კაცი რომელმაც, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი გაძარცვა, გისოსებს მიღმაა.

აქ ჩნდება გარდაუვალი, მტკივნეული კითხვა, რომელიც სცდება ერთი კონკრეტული დაკავების ფაქტს: ვისთვის და რისთვის არის სინამდვილეში ძლიერი ჩვენი სახელმწიფო?

თუკი სახელმწიფოს მთელი რესურსი, მთელი საგამოძიებო და სადაზვერვო პოტენციალი მობილიზებულია იმისთვის რომ ერთი, თუნდაც უაღრესად გავლენიანი ადამიანის სავარაუდო მძარცველს “საფლავში ჩაჰყვეს”, მაშინ რატომ რჩება წლების განმავლობაში დაუსჯელი ის ბოროტება, რომელმაც არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა დააზარალა?

დიახ, მე ვსაუბრობ ზურაბ ადეიშვილზე – იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და გენერალურ პროკურორზე, რომლის სახელსაც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე უკავშირებს საკუთარი ცხოვრების ყველაზე შავბნელ დღეებს: ქონების წართმევას, ბიზნესების განადგურებას, დაშინებას, დაპატიმრებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მისულ რეპრესიებს. ადამიანი რომლის კაბინეტშიც, წყდებოდა ასობით ოჯახის ბედი, დღემდე თავისუფალია. ის “ვერც ჩამოათრიეს” და ვერც პასუხი აგებინეს იმ სისტემური უსამართლობისთვის, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი ტრავმა მიაყენა.

მაშ, რა გამოდის? ერთი ადამიანის ფინანსური ზარალი უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ათასობით მოქალაქის გათელილი უფლებები, განადგურებული ცხოვრება და შელახული ღირსება? ბაჩიაშვილის დაკავება “სახელმწიფოს სიძლიერეა”, ხოლო ადეიშვილის დაუსჯელობა – უბრალოდ “გარემოება”, რომელსაც უნდა შევეგუოთ?

არა, ბატონებო! ეს არ არის სიძლიერე, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების მწარე გემო. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფოს კუნთები მხოლოდ მაშინ იძაბება, როცა ამის საჭიროებას კონკრეტული, გავლენიანი ინტერესები განაპირობებს. ჭეშმარიტად ძლიერი სახელმწიფო კი ის არის, რომელიც თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად იცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, განურჩევლად მისი სტატუსისა თუ ბრალდების სიმძიმისა. ძლიერი სახელმწიფო ის არის, რომელიც წარსულის დანაშაულებს არ ივიწყებს და სამართლიანობას აღადგენს ყველასთვის – არა მხოლოდ მათთვის, ვისაც მილიონები ან მილიარდები აქვს.

სანამ ეს ასე არ იქნება, სანამ ზურაბ ადეიშვილის მსგავსი ფიგურები დაუსჯელნი რჩებიან, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმე საზეიმო მარშის თანხლებით ფორმდება, ნებისმიერი საუბარი “ძლიერ სახელმწიფოზე” ფარისევლობად და საზოგადოების შეურაცხყოფად დარჩება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც ემსახურება სამართალს და არა პერსონებს. და ეს მოთხოვნა დღეს ისე მწვავედ დგას, როგორც არასდროს.

პატივისცემით,

ირაკლი ყიფიანი

28.05.2025