ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც მერცთან შეხვედრას მართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი დედაქალაქის შონეფელდის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მერცი და ზელენსკი

ზელენსკი, რომელსაც გერმანიაში სამხედრო პატივით დახვდნენ, უკვე შეხვდა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს.

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა ადრე განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს განხილული იქნება „გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები“. მერცისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია ადგილობრივი დროით 13:30 საათზე არის დაგეგმილი.

ამის შემდეგ უკრაინის ლიდერი სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ რეზიდენციაში – ბელვიუს სასახლეში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

მერცის პარტია და ოპოზიცია კანცლერს მოუწოდებენ, უკრაინისთვის TAURUS-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, ამის შესახებ გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.