მშიერი ადამიანების ბრბო ღაზას სექტორში საკვების მარაგის საწყობში შეიჭრა. ამის შესახებ „ბიბისი“ გაეროზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა და დეტალების დაზუსტება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
WFP-ის ცნობით, საკვების მარაგი საწყობში წინასწარ იყო განლაგებული განაწილებისთვის.
„ღაზას სასწრაფოდ სჭირდება სურსათით დახმარების გაფართოება. ეს ერთადერთი გზაა ხალხის დასარწმუნებლად, რომ ისინი შიმშილით არ დაიხოცებიან“, – აცხადებენ გაეროში.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების 121 მანქანა, მათ შორის ფქვილი, ღაზაში გადაიტანეს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ისრაელმა გასულ კვირას ღაზაში შეზღუდული რაოდენობის დახმარების შეტანა დაიწყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაეროს ელჩმა სიგრიდ კააგმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელის მიერ გადადგმული ნაბიჯი გემის ჩაძირვის შემდეგ სამაშველო ნავის გაგზავნის მსგავსი ქმედება იყო, რადგან ღაზაში ყველა შიმშილობის საფრთხის წინაშე იდგა.
აშშ-ისა და ისრაელის მთავრობების თქმით, ღაზას სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ოთხი სადისტრიბუციო ცენტრი შეიქმნა, თუმცა მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას „ჰამასი“ აფერხებს. თავის მხრივ, „ჰამასი“ ბრალდებას უარყოფს.