ირანსა და აშშ-ს შორის სამართლიანი შეთანხმების მიღწევის შესახებ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მიზნად მედიცინის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში სარგებლის მოტანას ისახავს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
ფეზეშქიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონები სამართლიანობას და თანასწორობას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ჩაატაროს სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევა ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით და ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ირანი არ მიისწრაფვის ბირთვული იარაღისკენ“, – აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ მიუხედავად დონალდ ტრამპის მუქარისა, „ქვეყანაში შიმშილით არ დაიხოცებიან, თუ ამერიკა უარს იტყვის მოლაპარაკებებზე ან სანქციებს დაუწესებს სახელმწიფოს“.
„თუ აშშ-ის მხრიდან კეთილი ნება იქნება, ჩვენც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაგრამ თუ მოლაპარაკებები ირანის უფლებების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მაშინ შორს ვერ წავალთ“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.