სერგეი ლავროვი – დასავლელმა კოლეგებმა თავად დაასრულეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მოდელი, რომელსაც მათთან ერთად, საუკეთესო განზრახვებით, 1960-იანი წლებიდან ვაშენებდით

ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა თავად დაასრულეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მოდელი, რომელსაც ჩვენ მათთან ერთად, საუკეთესო განზრახვებით, 1960-იანი წლებიდან ვაშენებდით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლელმა კოლეგებმა, ფაქტობრივად, გათელეს უმაღლეს დონეზე აღებული ვალდებულებები როგორც ეუთო-ში, ასევე რუსეთ-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში.

„ვალდებულებები, არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე, არ დაუშვან სამხედრო-პოლიტიკური დომინირება ევროპაში რომელიმე ქვეყნის, ქვეყნების ჯგუფის ან ორგანიზაციის მიერ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედა როგორც ევროკავშირის ნატო-სთან გაერთიანებამ, ასევე აშშ-ის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ბლოკების შექმნამ.

ლავროვის განცხადებით, დასავლეთი აგრძელებს პროვოკაციული სამხედრო წვრთნების ესკალაციას ხმელეთზე და ზღვაზე რუსეთის საზღვრებთან ახლოს.

„მთავარი საფრთხე დასავლეთის იმ ძალებისგან მოდის, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ მრავალპოლარობის ობიექტურ პროცესებს და მათ თავიანთი გლობალური დომინირებისთვის გამოწვევად აღიქვამენ. არ სურთ, ბრძოლის გარეშე დათმონ პოლიტიკაში, ფინანსებსა და ვაჭრობაში ის უპირატესობები, რომლებიც კოლონიური დროიდან მოყოლებული მოიპოვეს. ახლა ისინი ცდილობენ მის შენარჩუნებას ნეოკოლონიური მეთოდების გამოყენებით, ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის ლოზუნგით“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.