ირაკლი კობახიძე ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე – როდესაც ეს კრიმინალები ხელისუფლებაში იყვნენ, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან – ამიტომ არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი კრიმინალებს მფარველობენ, რომლებიც ოპოზიციაში არიან

9 წლის განმავლობაში, როდესაც ეს კრიმინალები ხელისუფლებაში იყვნენ, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან, სამწუხაროდ, რაც გამაოგნებელია, უფრო მეტიც, ამ რეჟიმს როგორც „დემოკრატიის შუქურას“, ისე მოიხსენიებდნენ – არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი კრიმინალებს მფარველობენ, რომლებიც ოპოზიციაში არიან,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებას.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე - როდესაც ეს კრიმინალები ხელისუფლებაში იყვნენ, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან - ამიტომ არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი კრიმინალებს მფარველობენ, რომლებიც ოპოზიციაში არიან

ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი პროცესები, ქართულ საზოგადოებაში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯის დისკრედიტაციას ახდენს.

„გვახსოვს, რომ საქართველოში კრიმინალებს 2012 წლიდან მოყოლებული და მანამდეც მფარველობდნენ. 9 წლის განმავლობაში, როდესაც ეს კრიმინალები ხელისუფლებაში იყვნენ, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან სამწუხაროდ, რაც გამაოგნებელია, უფრო მეტიც, ამ რეჟიმს როგორც „დემოკრატიის შუქურას“, ისე მოიხსენიებდნენ. აქედან გამომდინარე არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი კრიმინალებს მფარველობენ, რომლებიც არიან ოპოზიციაში. ეს შემაშფოთებელი მოვლენაა და ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯის დისკრედიტაციას ახდენს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ში უფრო სწრაფად შეიცვლება ყველაფერი, რადგან იქ ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც „დიფ-სთეითს“ ებრძვის, ევროპაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. თუ არაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში, ევროპული ბიუროკრატიის სრული დისკრედიტაცია გაგრძელდება.

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ ევროპაში არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ბუნებრივია, მსგავსი პროცესები საზოგადოების თვალში სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება და ევროპა კვლავ სამართლიანობისა და ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას დაკავებაზე ბრიუსელის სხვა გამოხმაურებებსაც და განაცხადა, “ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა.

„გახსოვთ მაშინდელი განცხადებები, მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი, თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს ის განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური, დემოკრატიული და სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ Deep State-ის გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა. იმედია, რომ ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ მოახერხებს კრიზისის დაძლევას. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ევროკავშირი, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია პოლიტიკოსების ზურა გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაკავებაზე.

როგორც განცხადებაში პრესსპიკერი აღნიშნავს, „პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.