- ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების გახსნის შემდეგ სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა გელა გელაძემ მიმართა.
სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ღონისძიებას ესწრებოდა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებოდნენ, ასევე განლაგებული იყო სპეცტექნიკა. პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
- პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე უწყების სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ სამართალდამცველებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა:
„მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს და განსაკუთრებით, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ იმისთვის, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ.
ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევების და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.