ხვალიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება შევა ძალაში.
“ბიზნესპრესნიუსი” შეეცადა შეეკრიბა ყველა სიახლე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში ამოქმედდება ქვეყანაში.
- პირადობის მოწმობის ვიზუალი შეიცვლება – როგორი იქნება ახალი დიზაინი?
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი. ამის შესახებ მინისტრის 10 მარტის ბრძანებაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ბრძანება ამოქმედდება 2025 წლის 4 ივნისიდან. რაც შეეხება ძველ მოწმობებს ანუ ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ მოწმობებს, ისინი იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
ბრძანების თანახმად, ახალ მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.
„მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს. მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია,“ – ნათქვამია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.
- იცვლება ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი – როგორი იქნება ახალი ვიზუალი?
ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული. დოკუმენტით დგინდება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე ფორმები.
იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება 4 ივნისიდან ამოქმედდება და შესაბამისად, ამ თარიღიდან მოქალაქეებს ახალი დიზაინის პასპორტის აღება მოუწევთ.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პასპორტის ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, აგრეთვე, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა და 1 ორ-გვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი).
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი და ა.შ.
ცვლილებაა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის წესებში
ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია და თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება….წაიკითხეთ სრულად