„აბსოლუტური ჩემპიონი, როგორც კი, ბურთს მიიღებს და თავს დახრის, შთამბეჭდავი სიმარტივით და ბუნებრიობით მიდის წინ“ – იტალიური მედიის შეფასება კვარას ფინალზე

იტალიური მედია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა.

ხვიჩა კვარაცხელია

მისი თამაში ძალიან მაღალი ქულებით შეფასდა, რაც ბუნებრივია, რადგან კვარამ ისევ შესანიშნავად ითამაშა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ინტერთან“ დაუვიწყარ ფინალში (5:0) გოლიც გაიტანა.

Eurosport 8.5 ქულა: „როგორც კი, ბურთს მიიღებს და თავს დახრის, შთამბეჭდავი სიმარტივით და ბუნებრიობით მიდის წინ. მეორე ტაიმში, როგორც აბსოლუტური ჩემპიონი, ისე ითამაშა, დაცვასაც დიდი გულით ეხმარებოდა. მან ოქმშიც ჩაწერა თავისი გვარი და მეოთხე გოლი გაიტანა“.

Calciomercato 7.5 ქულა: „სამი შემტევიდან ყველაზე ნაკლებად გადამწყვეტი იყო შეტევაში, 74-ე წუთამდე, სანამ „ინტერის“ კარში მეოთხე გოლი არ გაიტანა. ჩვეულად ასრულებდა დაცვით სამუშაოს, რაც იტალიაში გულმოდგინედ ისწავლა. რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ როდესაც კარგად თამაშობს, საოცრებაა. პავარი, ბისეკი, დუმფრისი: მის წინააღმდეგ ყველა იტანჯებოდა“.

Tuttomercatoweb 8 ქულა: „თუ „ნაპოლიში“ დატოვებული სკუდეტოს გამო რაიმეს ნანობდა, ამ საღამოს ყველა სინანული ჩამოიცილა. გოლიც გაიტანა მატჩში, რომელშიც პსჟ-ს ყველა ფეხბურთელი იმას აკეთებდა, რაც სურდა. შთამბეჭდავი დაცვით ფაზაში“.

შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).

კვარაცხელიას კარიერაში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.