უკრაინის ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით, უკრაინული დელეგაცია შეერთებულ შტატებში ჩავიდა, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდეს და რიგი საკითხები განიხილოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაშინგტონში უკრაინის წარმომადგენლები თავდაცვის სფეროში მხარდაჭერასა და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, კერძოდ, სენატორ ლინდსი გრეჰემის კანონპროექტზე ისაუბრებენ.
ამასთან, ერმაკის თქმით, შეხვედრების დროს განიხილება აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება, ასევე, „ეკლესიის საკითხებთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდა“.
„ბევრი შეხვედრა იქნება ორივე პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდს. ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოლაპარაკებებს ომის გულისთვის“, – აღნიშნა მან.