„ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, შეიძლება ისევ განმეორდეს“ – შმიგალი ოპერაცია „აბლაბუდაზე“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „აბლაბუდა“, აუცილებელი იყო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე, ეს, შესაძლოა, კვლავ მოხდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი

მისი თქმით, ეს იყო უკრაინისთვის მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, განსაკუთრებით იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომელსაც პროგრესი არ მოაქვს.

„ჩვენ ორი თვეა სრულ ცეცხლის შეწყვეტას ვთავაზობთ და რუსები კვლავ არ თანხმდებიან. ისინი ყოველ ღამე, ყოველდღე აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას, მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ხორციელდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – ჩვენ უნდა გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი და არ მივცეთ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა“, – აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, ოპერაცია „აბლაბუდა“ ადასტურებს, რომ ინოვაცია და ახალი ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ ომში. ის ხაზს უსვამს, რომ  ტექნოლოგია ცვლის ბრძოლის ველს.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ უკრაინას ამ შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ბევრი სხვა იდეა აქვს.

„ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, ეს შესაძლოა, ისევ განმეორდეს. ვაგრძელებთ მუშაობას. შედეგებს უკვე ხედავთ შავ ზღვაში და ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული ბომბდამშენებისგან“, – დასძინა შმიგალმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინას მოკავშირეებისგან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვართან ახლოს რუსული ლოჯისტიკის გასანადგურებლად.