ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მმართველ კოალიციაში შემავალი თავისუფლების პარტიის (PVV) ხელმძღვანელზე, ხეერტ ვილდერსზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხეერტ ვილდერსის განცხადებით, მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზღვრების დახურვის შესახებ მისი წინადადება არ მიიღეს.
„თავშესაფრის შესახებ ჩვენს გეგმებზე ხელმოწერა არ არის. PVV კოალიციას ტოვებს“, – განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.
მოსალოდნელია, რომ ხეერტ ვილდერსის პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის დატოვების შემდეგ, ნიდერლანდებში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
შეგახსენებთ, 2023 წლის ნოემბერში ნიდერლანდებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა. PVV-მ კოალიციური მთავრობა ქვეყნის სამ სხვა კონსერვატიულ პარტიასთან ერთად შექმნა, რომელიც ნიდერლანდებს 2024 წლის ივლისის შემდეგ მართავდა.