NYT: რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმის გამო უკრაინისთვის მკაცრი პასუხის გასაცემად ემზადება

რუსეთი უკრაინაზე სერიოზული საპასუხო დარტყმისთვის ემზადება რუსეთის საჰაერო ბაზებზე მასშტაბური დრონებით თავდასხმის შემდეგ, – ამის შესახებ The New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმა

„ამერიკულ დაზვერვას ჯერ არ დაუდგენია, თუ კონკრეტულად რა დარტყმებს განახორციელებს რუსეთი, თუმცა ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა შეიძლება განაახლოს დრონებით თავდასხმები სამოქალაქო სამიზნეებზე, დაარტყას ენერგეტიკულ სისტემას ან გაუშვას საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები“, – აღნიშნავს გამოცემა.

ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 20 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი შეიძლებოდა განადგურებულიყო ან სერიოზულად დაზიანებულიყო დარტყმების შედეგად, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა რუსეთის შორ მანძილზე მოქმედ დარტყმის შესაძლებლობებს.

როგორც მედია წერს, კერძოდ, აღნიშნულია, რომ რუსეთის დანაკარგებია – ექვსი Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენი და ოთხი Tu-22M, ასევე, A-50 საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებიც გამოიყენება საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების აღმოსაჩენად.

„თავდასხმამ მოსკოვის სტრატეგიული შესაძლებლობები დააზიანა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამან აჩვენა უკრაინის უნარი, პრაქტიკულად რუსეთის ნებისმიერ წერტილში დარტყმა განახორციელოს და 100 მილიონი დოლარის ან მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავები გაანადგუროს 600 დოლარიანი დრონების გამოყენებით“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა.

ამავდროულად, ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია უკრაინის ოპერაციის სრული ეფექტის შეფასება, იმიტომ, რომ რუსებმა, შესაძლოა, შეძლონ სამიზნე თვითმფრინავების ნაწილის შეკეთება.

„ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დრონებმა „მნიშვნელოვანი“ ზიანი მიაყენეს, თუმცა მხოლოდ თავდასხმა რუსეთს არ აიძულებს, შეამციროს შეტევითი ოპერაციები უკრაინაში“, – წერს NYT.