„რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციები მომზადებულია, კონგრესი და თეთრი სახლი კი მზად არიან მას მხარი დაუჭირონ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგმა Fox News- თან საუბრისას განაცხადა.
„გასულ შაბათ-კვირას სენატორ ლინდსი გრეჰემს ვესაუბრე. როგორც მე ვიცი, სანქციები მზად არის. კანონპროექტს 2025 წლის რუსეთის სანქციების შესახებ კანონი ჰქვია“, – თქვა კელოგმა.
მან სანქციებს „საკმაოდ მძიმე“ უწოდა.
„მაგალითად, 500%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებში იმპორტზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესსა და თეთრ სახლში ერთიანი აზრია. რუსეთი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ნავთობქიმიური მრეწველობიდან იღებს. ეს სანქციები სწორედ ამ ინდუსტრიის წინააღმდეგაა მიმართული“, – დასძინა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტი წარადგინა.