უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ათი წლის შემდეგ, ვერ შეძლებს საკუთარ სინდისთან მართალი იყოს, თუ უნგრეთს და ევროკავშირს უკრაინის შეერთების ოცნებისგან არ დაიცავს. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც უნგრეთის პრემიერი აცხადებს, ის ცდილობს, ყველანაირი ძალისხმევის გამოყენებას, რათა ამ პროცესს ხელი შეუშალოს. მისი თქმით, კვირების განმავლობაში მიმდინარეობს მოწოდება უნგრელებთან, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, რომელშიც საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში.
„ბრიუსელისთვის ეს[უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში] სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, პოლიტიკური კომპენსაციაა და ასევე, კარგი გარიგებაა წაგებული ომის შუაგულიდან.
ჩათვალეთ, რომ უკრაინა წაიღებს ყველა ევროს, ფორინტსა და ზლოტს, რომელსაც ევროპული ოჯახების, ფერმერებისა და ევროპული ინდუსტრიის გასაძლიერებლად, აქამდე, ვხარჯავდით“, – აღნიშნავს ორბანი და დასძენს, რომ ბიუროკრატებს არ აინტერესებთ, თუ სად მიდის ევროპელების ფული.
„რა თქმა უნდა, ბიუროკრატებს არ აინტერესებთ, სად მიდის ევროპელების ფული, მაგრამ ჩვენ ეს გვადარდებს, იმიტომ რომ პასუხისმგებლები ვართ უნგრელების წინაშე, ჩვენი ოჯახების, უნგრელი მეწარმეების და ფერმერების წინაშე.
გავა 10 წელი და ვერ შევძლებ, მართალი ვიყო საკუთარ სინდისთან, საკუთარ ქვეყანასთან და ახლა, ყველაფერი უნდა გავაკეთო ამ პროცესის შესაჩერებლად – უნგრეთი და ევროკავშირი უნდა დავიცვა ბრიუსელთან და უკრაინის შეერთების ოცნებისგან“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.