აშშ უარს ამბობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებაზე იმ „შეკავების ძალის“ მხარდასაჭერად, რომლის განთავსებასაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ომის შემდგომ უკრაინაში გეგმავენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ანონიმური წყაროების განცხადებით, ევროპელმა მოკავშირეებმა ამერიკელ კოლეგებთან განხილვების დროს დაასკვნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მისცემს იმ გარანტიებს, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ „მსურველთა კოალიციის“ მხარდასაჭერად.
„აშშ-ის მხრიდან ევროპელი პარტნიორების მიერ მოთხოვნილი მხარდაჭერის გაწევის სურვილის არქონა ხაზს უსვამს დასავლელ მოკავშირეებს შორის არსებულ უთანხმოებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
ევროპელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ რუსეთის შეკავებისთვის საჭიროა აშშ-ის გარანტიები ძლიერი უკრაინული ძალების პარალელურად, რომლებსაც მოკავშირეები მხარს დაუჭერენ წვრთნებისა და ჯარების სახით“, – ნათქვამია სტატიაში.
წყაროს ცნობით, დასავლელი ლიდერები იმედოვნებენ, ამერიკული მხარე მაინც დათანხმდება „მსურველთა კოალიციის“ დახმარებას და აშშ გააგრძელებს დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას.
ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი, ასევე, ელოდება, რომ ტრამპი ჩაერევა, თუ ბრიტანული და ფრანგული ძალები გახდებიან რუსეთის სამიზნე უკრაინაში, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, წერილობითი ფორმით მოხდეს ამის გარანტირება.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის პოზიციის ფონზე ევროპელმა მოკავშირეებმა ხელახლა შეაფასეს რესურსები რუსეთის შეკავებისთვის უკრაინაში და მიიჩნევენ, რომ საკმარისი იქნება უკრაინული სამხედროების ვარჯიში, ევროპული ჯარების და თვითმფრინავების ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგება და შავი ზღვის პატრულირება.
გამოცემის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაასრულეს ამ ძალების განლაგებისა და მოქმედებების გეგმის შემუშავება, თუმცა მისი განხორციელება შეაჩერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებამდე.