გაითვალისწინებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთონ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპარლამენტარები ოპოზიციას მუწოდებენ, რომ გამოიყენონ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც “უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით”. ამავე დროს, 2024 წლის არჩევნები ნახსენებია, როგორც “მანკიანი კენჭისყრა”.

4 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14 წინააღმდეგ მიიღო, 4-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. დოკუმენტს ევროპარლამენტის მომავალ პლენარულ სესიაზე კენჭისყრისთვის წარადგენენ.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვას ემხრობა, აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, ამან კი “დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს”.

რას ნიშნავს ევროპარლამენტის მოწოდება

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდოს, რადგან ბოიკოტი ქუჩაში დატოვებს ოპოზიიის ნაწილს და ქუჩაში დარჩენილი პარტია “დასვალეთს არაფერში არ გამოადგება”.

“უდაოდ საინტერესო ფაქტია, რადგან ხშირად მისაუბრია იმაზე, რომ დასავლეთი ბოიკოტითაა დაინტერესებული, ვიდრე სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციის ყოფნით. სხვათა შორის, ანალოგიურ პოლიტიკურ სიგნალს უფრო გვიან ველოდებოდი, მაგრამ რადგან ახლა გამოჩნდა, ესე იგი, მათაც გაითვალეს, რომ შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს დარჩენილი დრო არ ეყოთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ყურადღება და სიმპატია დაიმსახურონ.

“ქუჩაში დარჩენილი პარტია არაფერში აღარ გამოადგებათ უკვე დასავლეთის პარტნიორებს და გადაწყვიტეს ეტყობა, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდონ. თან, ამ ინფორმაციაში ერთი მომენტია, რაც დასაფრიქრებელია – არაა გამორიცხული, რომ ასეთი მოწოდების ერთ-ერთი მიზეზი იყოს საქართველოს ხელისუფლების დასავლელი ოპონენტების კრიტიკულობის შერბილება.

წამოსვლა იმაზე, რომ ჯერ ერთი, არჩევნების შედეგები აღიარონ და მერე, ნელ-ნელა, თანდათანობით დაიწყონ ნორმალური ურთიერთობა საქართველოსთან. ეს უცბათ რა თქმა უნდა ვერ გამოვლინდებოდა, რაღაც ნაბიჯები უნდა იყოს ჯერ და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა”,- განაცხადა საყვარელიძემ.

კითვაზე, მაშინ რას ნიშნავს ერთის მხრივ არჩევნებში ჩართვისკენ მოწოდება და მეორეს მხრივ იმაზე ხაზგასმა, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა, საყვარელიზემ გვითხრა:

“უკვე იმდენჯერ შევხვდით ასეთ წინააღმდეგობრივ განცხადებებს, რომ გასაკვირი აღარაა. ამდაგვარი ინტონაცია ამოვიკითხე, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება ოპოზიციას ხელს შეუწყობს. ოპოზიციას ეძლევა საბაბი იმისა, რომ დალაგდნენ ახლა და ნორმალურად მიიღონ მონაწილება არჩევნებში. ვხედავთ, თითოეული მათგანი ცდილობს ახალ-ახალი არგუმენტები იპოვოს.

“ვფიქრობ, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები დღევანდელ პოზიციას შეიცვლიან, თუ არა და მათ მოუწევთ თქმა, რომ ამ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა და პუტინის აგენტები არიანო. მთელი პრობლემა იმაშია, რომ თუ ევროკავშირი პუტინის აგენტია, გამოდის, რომ პუტინის აგენტები ყოფილან, ვინც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებდა? რაღაც წინააღმდეგობროვ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია კვლავ ძველ პოზიციაზე დარჩება, თუ არ იქნება მოგვარებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ის საკითხები, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტიას იძლევა.

“ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” თავიანთ პოზიციაზე დარჩებიან და ისინი არჩევნებში მოანწილეობას მიიღებენ, “ნაცმოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ფვიქრობ ძველ პოზიციაზე დარჩებიან და უარს იტყვიან. ევროპარლამენტარები რომ მოუწოდებენ, რეალურად შეეძლოთ რაღაც სანქციები დაეწესებინათ, თუნდაც ინდივიდუალურად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ.

“ახლა როცა წინაპირობები არაა, ისევ იგივე ე.წ. ცესკოა, ბუნებრივია არჩევნები მაინც გაყალბდება და ცოტა რთულია ამ პირობებში, მით უმეტეს ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსება არ აქვთ არჩევნებში ჩართვისთვის. რაღაც წინაპირობა უნდა არსებობდეს და ევროპამაც რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას სანქციების ასამოქმედებლად.

“ერთადერთი წინაპირობა უნდა იყოს, რომ ადგილობრივთან ერთად საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები თავის აზრზე დარჩებიან”,- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე,შესაძლებელია თუ არა, რომ ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა ამომრჩეველში გამოკითხვა ჩაატარონ – მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილოება, ჩიტაძემ გვითხრა რომ “არაა გამორიცხული, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არანაირი განცხადება არ ყოფილა”.

მოწოდება ოპოზიციისთვის

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები ანგარიშში აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო”. ამის შესახებ კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

მათი თქმით, „ამ მანკიანმა კენჭისყრამ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, გზა გაუხსნა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების უკანონოდ ხელში ჩაგდების, რეპრესიული კანონმდებლობის გაგრძელების და ამავდროულად პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ”.

„ვინაიდან საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ ჩატარების შესახებ”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი კენჭისყრის ორგანიზებამდე, ისინი შეინარჩუნებენ „საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების” ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე”.

„სულ უფრო რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ აუდიტს და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

კომიტეტის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას” დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით.

ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებს მათ განზრახვაზე ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ,”- აღნიშნულია პრესრელიზში.