სომხეთში დიდი სკანდალია. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიას დაუპირისპირდნენ. “ცეცხლი” პირველმა ფაშინიანმა გახსნა.
კერძოდ, 29 მაისს გამართული მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხური ეკლესია დაემსგავსა “საკუჭნაოს, სადაც ნაგავი ინახება”. ამას სასულიერო პირებისა და მრევლის აღშფოთება მოჰყვა. მათ ფაშინიანი სომხური ეკლესიის მიზანმიმართულად დასუსტების მცდელობაში და ლამის აზერბაიჯანის მოკავშირეობაში დაადანაშაულეს.
საპასუხოდ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა
“თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი. ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ამ საკითხს ვსვამ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ. ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გამოხატოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
2 ივნისს წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ხელმძღვანელობით უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ფაშინიანს უპასუხეს.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია დაიწყო – სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ენით, შეურაცხყოფითა და ბრალდებებით და საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებით. უცენზურო ენით სავსე პუბლიკაციები მოკლებულია ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს… გააგრძელეთ კითხვა